ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბაღებში არსებული საკვები პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ

65
საკვების დარიგება - ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში არსებული საკვების პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ მშობლებს, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ.

” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვების მარაგის გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშობლებს საკვები კარანტინის წესების სრული დაცვით დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ხორციელდება“, – აცხადებენ ბოლნისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.