ხოჯევანიშვილი შეღავათებზე: მალე გავიგებთ, როგორ შეეშველება სახელმწიფო მოქალაქეებს

575

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესდება თუ არა კომუნალური შეღავათები? – ამ კითხვით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთმა მაყურებელმა მიმართა.

შეკითხვის პასუხად გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა ეკონომიკის პაკეტზე მუშაობს, რომლის შინაარსიც ცნობილი ამ დღეებში გახდება.

“ეს ყველაფერი არის ეკონომიკური პაკეტის ნაწილი, რომელზეც ამჟამადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. გადაწყვეტილებები იმ შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. თუ რამდენი ადამიანი დარჩა უხელფასოდ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და ა.შ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შეღავათები დაწესდება და როგორ შევეშველებით ასეთ ადამიანებს”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გადაცემაში “დარჩი სახლში”.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. ხვალიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.