იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პასუხი IT-ს: დანამატს იღებენ ის ადამიანები, ვინც ზეგანაკვეთურად მუშაობდა

78

წინა სტატია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პასუხობენ.

სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, გოჩა გაბუნიას თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები არ გაზრდილა. ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ციფრები კი  ვაკანსიების შევსებით, საწვავზე ფასების ზრდითა და თანამშრომლების ზეგანაკვეთური მუშაობით აიხსნება.
„ხელფასები არ გაზრდილა. უბრალოდ,  წინა წელს არ იყო ვაკანსიები და შესაბამისად,  ხელფასი არ გაიცემოდა. ახლა შეივსო ვაკანსიები და ხელფასიც მეტი არის გაცემული. რაც  შეხება ავტოპარკს, დიახ, გვყავს 13 ავტომობილი, მაგრამ ყველა არ არის მწყობრში, აქედან,  მხოლოდ 9 ავტომანქანა არის ფუნქციური. არც საწვავის ლიმიტი გაზრდილა, უბრალოდ, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში საცალო ფასი გაზიარდა და ეს აჩვენებს მაღალ ფასს“, – განაცხადა გოჩა გაბუნიამ.

რაც შეეხება დანამატს, ადმინისტრაციის უფროსის თქმით, დამატებითი თანხის გაცემის საფუძველი,  თანამშრომლების მიერ არანორმირებადი სამუშაოს შესრულებაა.

“დანამატს იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, მაგალითად, სტიქიის დროს, ეს იყო არანორმირებული ან  არასამუშაო დღეებში, ან უბრალოდ, თანამშრომელმა კარგად შეასრულა სამუშაო“, – ამბობს  გოჩა გაბუნია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ცხრა  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2018-2019 წლის ხარჯები შეისწავლა. კვლევის მიხედვით, ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით არის გაზრდილი.