სოფო კილაძე: კანონებზე ვეტოების ასე ხშირად დადება სწორი არ არის, თუმცა, ეს პრეზიდენტის უფლებაა

835

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვეტოს უფლებას იყენებს, როგორც ბერკეტს.

როგორც საზოგადოებრივს კილაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაცნობამდე, წინასწარ იმის თქმა, ვეტო დაიძლევა თუ არა, არასერიოზული იქნება.

“ზოგადად, ეს დემოკრატიული პროცესია და თუ პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ კანონებისთვის ვეტო დაედო, ვალდებული ვართ, მის არგუმენტებს გავეცნოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღოთ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს საკუთარი პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, ისე გამოსდის, რომ ჩვენ მიერ მიღებულ კანონპროექტებს ვეტოს ადებს, თუმცა, ეს მისი უფლებაა და მას ამ უფლების გამოყენებას ვერ შევუზღუდავთ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვეტოს უფლებას იყენებს, როგორც ბერკეტს. როგორც მახსოვს, უკანასკნელ წლებში გერმანიაში ვეტოს უფლება ერთადერთ კანონთან დაკავშირებით იყო გამოყენებული. კანონებზე ვეტოების ასე ხშირად დადება სწორი არ არის, თუმცა ეს პრეზიდენტის უფლებაა და ის ვეტოს გამოყენებისას შეზღუდული არ არის”, – დასძინა კილაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო. იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა ვეტოს არ გაიზიარებს, მას ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

წყარო: 1tv.ge