სოფელ სუფსაში მცხოვრები 30 ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფომ მიწის ნაკვეთებში მიზერული თანხა გადაუხადა

784

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

30 ოჯახი, რომელმაც ავტობანის მშენებლობის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნაკვეთები მიყიდა, აცხადებს, რომ სახელმწიფომ მათ მიზერული თანხა გადაუხადა.

აქციის მონაწილეების თქმით, მაშინ, როცა სხვა ტერიტორიებზე იგივე საჭიროებისთვის ადგილობრივებს კვადრატულ მეტრში 23 ლარი ზოგს კი, უფრო მეტი გადაუხადეს და დამატებით, ერთჯერადი კომპენსაციაც მისცეს, სუფსის მცხოვრებლებმა კვადრატულ მეტრში, მხოლოდ 5 ლარი მიიღეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწების გადაცემის პროცესი ზეწოლის ფონზე წარიმართა, თუმცა, ვისგან არ აკონკრეტებენ.

მათივე განცხადებით, საკითხზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ.

სუფსის მცხოვრებლები პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასა და ყველა შესაბამის უწყებას დახმარებას სთხოვენ. როგორც თავად ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობანის მშენებლობას არ დაუშვებენ და აქციებს მოაწყობენ.