“მაგათ მიჰყავთ პარადი” – ახალქალაქის საკრებულოში ერთ თვეში დანამატი და ჯილდო სამჯერ გასცეს

744

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2019 წელს 174 732 ლარის ჯილდო და დანამატი გაიცა. მათ შორის საკრებულოს ორ თანამშრომელს თანხა ერთ თვეში სამჯერ დაერიცხა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალქალაქის მერიაში 2019 წელს თებერვალში ჯილდო მხოლოდ საფინასო–საბიუჯეტო სამსახურის, მეორე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა მიიღო – 702 ლარი.

აპრილში კი 13 990 ლარის ჯილდო ჯამში 13 თანამშრომელს მისცეს.

დეკემბერში 137 თანამშრომელზე გაიცა 117 240 ლარი. გარდა ამისა, დანამატი დაერიცხა სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურის რვა თანამშრომელს, ჯამში 6 230 ლარი.

მერიის მსგავსად, ახალქალაქის საკრებულოშიც ჯილდო და დანამატი სამჯერ მიიღეს. აპრილში, ნოემბერსა და დეკემბერში 14 თანამშრომელზე გაიცა, ჯამში 36 570 ლარი.

პირველი და მეორე სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელებმა, გასული წლის დეკემბერში, ერთ თვეში ჯილდო და დანამატი სამჯერ მიიღეს. ორჯერ ჯილდოს, ხოლო ერთხელ დანამატის სახით, რამაც სულ ჯამში ორ თანამშრომელზე ერთ თვეში 4 480 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ამავე თანამშრომელებმა 2019 წლის აპრილსა და ნოემბერშიც მიიღეს დანამატი. პირველი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე წელიწადში ჯილდოსა და დანამატის სახით 5 400 ლარი გაიცა, ხოლო მეორე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე კი 4 680 ლარი.

როგორც, საიას იურისტი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, საჯარო მოხელეზე ჯილდო წლის განამვლობაში შეიძლება გაიცეს ხელფასის ოდენობის 10 პროცენტი, ხოლო დანამატი 20 პროცენტის ოდენობით.

„დანამატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულდა, ამის გამო შესაძლოა ჯილდოც მისცენ, მაგრამ ამ შემთხვევაში დასაბუთებულობაზე არის აქცენტი გასაკეთებლი. რატომ არის ეს ორი თანამშრომელი გამორჩეული წლის განმავლობაში. ასევე არ უნდა ცდებოდეს კანონით გათვლისწინებულ პროცენტულობას, –ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

თუ რა დამსახურებით გაიცა ერთ თვეში ორ თანამშრომელზე სამჯერ დანამატი და ჯილდო ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ ახალქალაქის საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილეს, გაიოზ ლომსაძეს დაუკავშირდა.

„კარგი თანამშრომლები არიან და მაგიტომ მიიღეს ეს თანხა, რომ იტყვიან მაგათ მიყავთ პარადი, ყველაფერს აკეთებენ რაც საბუთებს შეეხება და იმსახურებენ. თუ თანხა გაქვს შეგიძლია მისცე, ასეა კანონში“,– ამბობს გაიოზ ლომსაძე.

საკრებულოში გვითხრეს, რომ აღნიშნული თანამშრომლების ხელფასის ოდენობის, ასევე დანამატის და ჯილდოს გაცემის დამსახურების შესახებ, ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

სულ ახალქალაქის მერიასა და საკრებულოში 2019 წელს დანამატისა და ჯილდოს სახით 159–მა თანამშრომელმა 174 732 ლარი მიიღო.