“გამჭვირვალობა” ზუგდიდში აუდიტის დასკვნაზე: ა(ა)იპ-ების რჩენა მძიმე ტვირთად აწვება ზუგდიდის ბიუჯეტს

188

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისი ეხმაურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც მათ შორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების ნაწილში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი წლებია საუბრობენ იგივე პრობლემებზე, რაზეც აუდიტი წერს, მაგალითად, მუნიციპალიტეტმა შარშან 14 მილიონ ლარამდე მოახმარა იურიდიული, არასამეწარმეო, არაკომერციული პირების რჩენას, ეს ხარჯი კი ადგილობრივი ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. ამის შესახებ აიპრესი წერს. 

“გამჭვირვალობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა აცხადებს, რომ ა(ა)იპ-ებში პრობლემას წარმოადგენს დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა, განყოფილებებსა და ა(ა)იპ-ებს შორის ფუნქციების დუბლირება, დასაქმების გაუმჭვირვალე პრაქტიკა.

“ჩვენი რეკომენდაცია იყო და დღესაც არის, რომ მუნიციპალიტეტმა კარგად შეისწავლოს ის სფეროები, სადაც ქმნის იურიდიულ პირს. ამავე დროს, უნდა ეცადოს, მთელ რიგ სფეროებში იურიდიული პირის შექმნის და მისი დაფინანსების სანაცვლოდ, შეისყიდოს კონკრეტული მომსახურება, რაც ხარისხსაც გაზრდის და ფინანსური რესურსების ეკონომიაც იქნება”, – თქვა არჩილ თოდუამ.

რაც შეეხება შპს “ზუგდიდაგროსერვისს”, ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, როცა რეკომენდაციები მოამზადეს მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების რეორგანიზაციაზე, მკაფიოდ მიუთითეს – ეს არის შპს, რომელიც კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს არ ახორციელებს. ასევე, არ იყო დასაბუთებული და სწორედ განმარტებას ითხოვდნენ მერიისგან, რა კონკრეტული სარგებელი მოაქვს “ზუგდიდაგროსერვისს”.

“გამჭვირვალობის” თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც – ეს არის შპს, რომელსაც მოგება არ აქვს და სრულად არის მუნიციპალურ სუბსიდიაზე დამოკიდებული.

“იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით აქტიურად მუშაობს შესაბამისი სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანო – “საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი”, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება არ წარმოადგენს თვითმმართველობის უშუალო უფლებამოსილებას, მუნიციპალიტეტმა უნდა დაასაბუთოს, თუ რა საჭიროა შპს-ის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია”, – აცხადებს ორგანიზაცია.

არასამთავრობო მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საუბრობს იურიდიული პირის შექმნაზე, თან ისე, რომ მის რჩენასა და დაფინანსებაზე არ მოდიოდეს ბიუჯეტის დიდი წილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში. საუბარი 2017-2018 წლების პერიოდს შეეხება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, იურიდიული პირების ნაწილში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და სახელფასო ხარჯიც.