“ევროპული საქართველო” ზუგდიდში აუდიტის დასკვნაზე: სამუშაოების შესრულების თითქმის ყველა ეტაპზე იყო ხარვეზები… შესაძლოა, კორუფციული ინტერესები იკვეთებოდეს

745

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აუდიტის სამსახურის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზების გამოვლენას ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, კორუფციული ინტერესები იკვეთებოდეს.

როგორც ქებურიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 50 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხა გაფლანგულია.

„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო პროექტს, რომელიც ეხება უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირების საცხოვრებელი ფართების პრობლემას. ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს იმ ფონზე, რა მძიმე სოციალური პირობებიც არის ქვეყანაში. ეს პროექტი ძალიან კარგია, რომ არის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, ყველა მუნიციპალიტეტს არ აქვს ფუფუნება მსგავსი ტიპის პროექტი განახორციელოს. ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო 47 სახლის მშენებლობა და მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი, თუმცა, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტიც კი ხარვეზებით ხორციელდება. თუმცა, ობიექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ რამდენიმე სახლი, რომელიც ბენეფიციარებისთვის აშენდა არ გამოიყენება საცხოვრებლად და არის დაკეტილი. პროექტის ბენეფიციარების შერჩევისას იყო ხარვეზები და ისინი არ შეირჩნენ საჭიროების მიხედვით. რამდენიმე სოფელში სამუშაოები დაგვიანებით მიმდინარეობდა და 17 სახლამდე არის ხარვეზით შესრულებული. მუნიციპალიტეტმა ეს ხარვეზით ან ნახევრად შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოების ხარვეზი ვიზუალური დათვალიერებითაც იყო შესაძლებელი. სამუშაოების შესრულების თითქმის ყველა ეტაპზე იყო ხარვეზები, დაგეგმვის, ბენეფიციარების გამოვლენის, სამუშაოებზე ზეგავლენისა და შეჯამების მიმართულებით. ეს საუკეთესო შემთხვევაში არის არაპროფესიონალიზმი, ხოლო უარეს შემთხვევაში არის კონკრეტული პირების და კორუფციული ინტერესები“, – განაცხადა ქებურიამ.

კორუფციულ ინტერესებზე საუბრისას ქებურიამ რამდენიმე კომპანიაც დაასახელა, მათ შორის შპს „ევრომშენი 999“, რომლის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი, მისივე თქმით, 2016 წლის მონაცემებით არქიტექტურის სამსახურის უფრო იყო.

„ამ პირს ევალებოდა სახლების მშენებლობისთვის ზედამხედველობა გაეწია. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა ამ ინტერესთა კონფლიქტმა იქონია გავლენა იმაზე, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ეს ხარვეზები არ გამოვლინდა“, – განაცხადა ქებურიამ.

ასევე, ქებურიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ უამინდობის საბაბით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გაზრდილი აქვს სამუშაოების ვადები, თუმცა,ვადების დარღვევისთვის, ან ხარვეზით შესრულებისთვის არ არის დაწესებული ჯარიმები და სანქციები, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სამ სოფელში – ცაიშში, ჭითაწყალში და კახათში არის აშენებული სახლები, სადაც არავინ არ ცხოვრობს. ფაქტობრივად სახლები გადაეცა ისეთ ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლები და ამ სახლებში ცხოვრებას არ აგრძელებენ. 50 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხა ფაქტობრივად არამიზნობდრივად არის გახარჯული და აუდიტის დასკვნაში სიტყვასიტყვით წერია, რომ ეს არის გაფლანგული თანხა“, – განაცხადა ქებურიამ.