აუდიტი: მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ქსნის კანალიზაციის გაუწმენდავი წყლები ჩაედინება მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას

737

დაბა ქსნის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას,- ამის შესახებ წერია მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გადმოცემული ქსნის საკანალიზაციო სისტემის სათანადო ექსპლოატაცია. საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის მიერ არანაირი ღონისძიება არ არის გატარებული პრობლემის
მოსაგვარებლად.

კონკრეტულად კი, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2010 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა (მგფ) და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება დაბა ქსნის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაზე. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1.242.7 ათასი ლარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქსნის კანალიზაციის სისტემა ჩაიბარა 2011 წელს და  ობიექტის ექსპლოატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი იყო მუნიციპალიტეტი.

საკანალიზაციო სისტემა უნდა მომსახურებოდა ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მინის ტარის საწარმოს და მოსახლეობის ნაწილს. პროექტის მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა მოიცავდა საკანალიზაციო ქსელსა და  გამწმენდ ნაგებობას, რომლის ფუნქცია იყო მდინარე მტკვარში ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების გაწმენდა.

შესწავლით გაირკვა, რომ საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას.

„მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ქსნის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა 2012 წელს გაიძარცვა და ამის შემდგომ არ უმუშავია. აღნიშნულის შესახებ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოს, მუნიციპალიტეტს დამატებით სხვა ღონისძიება არ გაუტარებია. პროექტზე მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია 1,206.9 ათასი ლარის ხარჯი“, -აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან აუდიტის ანაგარიშიდან ირკვევა, რომ მცხეთა მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული შპს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია.

„სასმელი წყალი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდებოდა გრაფიკით; წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს; არ ხდებოდა მოხმარებული წყლის გადასახადის ამოღება, რაც აუარესებდა წყალმომარაგებას და ზრდიდა მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას”, – წერია აუდიტის დასკვნაში.