თბილისის საკრებულოში სხდომა დასრულდა, შენობის გარეთ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

563

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებითა და კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მომხდარი დაპირისპირების შეფასებით დაიწყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის განმარტებით, დღევანდელ სხდომას ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, დღევანდელი ინციდენტი სამწუხარო ფაქტია. თუმცა მათი თქმით, ყველა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი პიროვნულ შეურაცხყოფაზე ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, “ქართული ოცნების” წევრმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ, ლევან ხაბეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება მედიასთან შეფასებების შემდეგ საკრებულოს სხდომაზეც განაგრძო და თქვა, რომ ხაბეიშვილთან მიმართებაში ყველა ასე მოიქცეოდა. მისივე თქმით, ხაბეიშვილი “მილიონჯერ გააფრთხილეს”, რომ არგუმენტირებულად ესაუბრა.

მოგვიანებით,  სხდომათა დარბაზში ლილე ლიპარტელიანი დაბრუნდა და საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, ინციდენტის შემდეგ მიმართა თუ არა სამართალდამცველებს, ასევე რატომ არ ხდება საშვების დაშვება სხდომაზე სხვადასხვა პირის დასწრების მიზნით.

ლილე ლიპარტელიანმა მონიტორი გათიშა, რის გამოც საკრებულოს წევრებმა  დარჩენილ საკითხებს კენჭი ხელის აწევით უყარეს. სხდომა უკვე დასრულებულია.

თბილისის საკრებულოს სხდომის პარალელურად, შენობის ცენტრალურ შესასვლელთან დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მოძრაობა „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წევრები. აქციას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

თბილისის საკრებულოს სხდომის პარალელურად, შენობის ცენტრალურ შესასვლელთან დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მოძრაობა „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წევრები. აქციას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც. ისინი საკრებულოში დღეს მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მის გამოძიებას ითხოვენ.

როგორც „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელები, გია ბარამიძე და ზაალ უდუმაშვილი აცხადებენ, მათ სახელზე საშვი დაშვებული იყო, თუმცა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

მათივე შეფასებით, დღეს „ქართული ოცნება“ ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა, როგორც ხელისუფლების მამხილებელს.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან. ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.