ბექა დავითულიანი: ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ვიღაცამ სცემოს და მიაღწია ამ მიზანს

639

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც წინ უძღოდა ასევე სამწუხარო ამბავი, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა მთელ უმრავლესობას იდიოტი და არაკაცი უწოდა. ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთმანეთს არც პიროვნული და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმრავლესობის ყველა წევრს იდიოტი, არაკაცი და უნამუსო უწოდა.

„ლევან ხაბეიშვილმა თქვა სრულიად არასწორი რაღაცა, თითქოს დამლაგებლების ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნებათ შიგნით, ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკონტროლოთ არ ვიცი. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის იდიოტი, არაკაცი და უნამუსო თუ რაღაც ესეთი, ფარჩაკი. ამაზე დღეს მიუბრუნდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში ეს თვითონ იყო. ამას მოჰყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვის არ არის. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივისა და დედის გინების ადგილი. უბრალოდ დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოყვა მუშტი-კრივი, აი ამაშია საქმე. არც დედის გინების ადგილი უნდა იყოს, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის. ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, რომ ეს გამოიწვიოს და ვიღაცამ სცემოს, სამწუხაროდ მიაღწია ამ მიზანს“, – განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან. ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.

“ჩვენ როგორც შეგვეძლო პასუხს ვცემდით მაქსიმალურად დელიკატურად, ამომწურავად, არგუმენტირებულად, როცა გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე… როცა პირად შეურაცხყოფაზე გადახვალ, მიიღებ ასეთს. ფარჩაკი დაუძახოს თავის ახლობლებს და პარტიის წევრებს”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.