დეფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

512

წინა სტატია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის გახსნა. ოკუპირებული რეგიონიდან ხუთი თვის განმავლობაში პირველად სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

„რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიკროავტობუსით გადავიდა ათამდე პენსიონერი. ე.წ. საზღვარზე გაატარებენ კიდევ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებსაც ე.წ. საშვი აქვთ.

პენსიონერების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.

სოფელ ოძისში, ქართული პოლიციის საგუშაგოს გავლის შემდეგ, ახალგორელები გაემგზავრებიან წეროვანში მდებარე დევნილთა დასახლებისკენ, სადაც მათი ოჯახის წევრები და ნათესავები ცხოვრობენ. ახალგორელები ხუთი თვის განმავლობაში დაგროვილი პენსიის აღებასაც შეძლებენ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღით გაიხსნა და გადმოსვლა ჯერ მხოლოდ იმ პენსიონერებს შეუძლიათ, რომლებსაც არ აქვთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშვი და იღებენ მხოლოდ ქართულ პენსიას.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

ე.წ. საზღვრის დაკეტვით, დეფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიის და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.