სოხუმის რეჟიმი გაკვირვებას გამოხატავს თბილისში დიალოგის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო

887

წინა სტატია

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების საჭიროების საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებას გამოხატავს. საგანგებო განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ „სახელმწიფოს“ პოლიტიკური სტატუსის თემა ვერ გახდება მოლაპარაკებების საგანი:

„არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციამ საქართველოს ხელისუფლების უეცრად გამოჩენილი მზადყოფნის შესახებ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ გაკვირვება გამოიწვია. ჩვენის მხრივ, მხარს ვუჭერთ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელსაც უშუალოდ აქვს კავშირი ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემასთან.

ამავე დროს, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, რომელიც დამყარებულია აფხაზი ხალხის ნებაზე და განმტკიცებულია კონსტიტუციით, არ წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეების მიერ ხელი მოეწერება შეთანხმებას ცეცხლის არგამოყენების შესახებ.

განცხადებაში, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სასარგებლოა და ემხრობა მის გაგრძელებას.

მას შემდეგ, რაც აფხაზმა პოლიტკოსებმა, სერგეი შამბამ და ასლან ბჟანიამ ქართულ მედიასთან კვლავ პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრეს, მსგავსი განცხადებები ქართულმა მხარემაც გააკეთა და პირდაპირი დიალოგის ფორმატს მხარი დაუჭირა.