სამეგრელოში კოლხური პარკის მოწყობა სურთ

151

სამეგრელოში კოლხური პარკი აშენდება, სადაც ძველი კოლხეთის მითური მეფის, აიეტის სასახლეს აღადგენენ, ასევე, განთავსდება ინსტალაციები. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დირექტორმა ლევან წულაიამ განაცხადა, შესაბამის პროექტს კერძო პირი ამუშავებს, რომლის ვინაობასაც, ამ ეტაპზე, არ დაასახელებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

DMO-ში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ ადგილსაც, თუ სად გაშენდება პარკი. ორგანიზაციიის ცნობით, ამ ეტაპზე, განიხილება რამდენიმე ადგილი.

“ეს იქნება აიეტის სასახლე-გასართობი პარკი, სადაც წარმოდგენილი იქნება ძველი კოლხური ინსტალაციები და სხვა თემატური ობიექტები. ეს იქნება ბავშვებისთვის და არამარტო მათთვის, გასართობი ადგილი“, – განაცხადა ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ლევან წულაიამ.

მისივე თქმით, ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლამ აჩვენა, რომ რეგიონში გასართობი ადგილების სიმწირეა, რაც ასეთი პარკების მოწყობის აუცილებლობაზე მეტყველებს.

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) დღეს სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.