კვლევა: თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან, მათი უმრავლესობა მმართველ პარტიაშია

741

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თბილისის VI მოწვევის საკრებულოს 50-ვე წევრის სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საკრებულოს 10 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა; ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა; ხოლო ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქონებრივ დეკლარაციებსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეისწავლა თბილისის საკრებულოს წევრების და მათი ოჯახის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა და გამოავლინა, რომ:

„თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათი უმრავლესობა 23 წევრი მმართველ პარტიაშია;

საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 14 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათგან ხუთის ოჯახის წევრს გააჩნია ბიზნესინტერესი;

საკრებულოს 23 არათანამდებობის პირი წევრიდან 12-ს გააჩნია კომერციული ინტერესი. 7 მათგანი საკრებულოს წევრობის პარალელურად იკავებს მმართველ პოზიციას საკუთარ კომპანიაში.

ამასთანავე, საკრებულოს 10 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა; ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა; ხოლო ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან თანამდებობის პირის სტატუსი 27-ს აქვს. დანარჩენი 23 წევრისგან განსხვავებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს დამატებითი უფლებამოსილება აქვთ და შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს ქალაქის ბიუჯეტიდან, რის გამოც მათ ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა და ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ისინი საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირები არიან და შესაბამის ხელფასს იღებენ. ამასთანავე, საერთაშორისო გამჭირვალობაში ამბობენ, რომ საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები, რომლებსაც არ ევალებათ დეკლარაციის შევსება, რეგულარულად იღებენ ხარჯების ანაზღაურების სახით ფიქსირებული რაოდენობის თანხას.

„შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც თბილისის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეთა 7 მოადგილე აღარ არის ვალდებული შეავსოს დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით თანამდებობის პირთა საქმიანობასთან არის გათანაბრებული და ამისთვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ რადგან ეს ადამიანები თანამდებობის პირები არიან, ისინი სხვა თანამდებობის პირების მსგავსად უნდა იყვნენ ვალდებულნი შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია,“- ნათქვამია განცხადებაში.

“გამჭვირვალობის” ცნობით, საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებიც არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა მათ არ ევალებათ ამ საქმიანობის რომელიმე ფორმით გამჟღავნება.

“თბილისის საკრებულოსგან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებენ მაქსიმალურ თანხას – 2,500 ლარს 2017-2018 წლებში და 3,200 ლარს 2019 წლიდან (იხ. ბმული). სხვა სიტყვებით, ხარჯების ანაზღაურებას პრაქტიკაში ხელფასის სახე აქვს.

ამ ვითარებაში, გაუგებარია, რატომ ვრცელდება ქონების დეკლარირების ვალდებულება საკრებულოს წევრების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ოფიციალურად იღებს ხელფასს და არა, მაგალითად, კვლევის ფარგლებში გამოვლენილ იმ 12 არათანამდებობის პირ წევრზე, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და ამის პარალელურად ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურებას ქალაქის ბიუჯეტიდან,” – წერია კვლევაში.

იხილეთ კვლევა სრულად.