რაში დახარჯავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი რეგფონდიდან მიღებულ 4 358 941 ლარს

44

საკრებულოს სხდომაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ექვსი პროექტის ჯამური ღირებულება 4 639 267 ლარია. აქედან 280 326 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა.

ამ თანხიდან 1 133 605 ლარი ორი შენობის, ბორჯომის სამუსიკო სკოლისა (650 000 ლარი) და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის (483 605) რეაბილიტაციაში დაიხარჯება.

დანარჩენი თანხა (3 505 662 ლარი) კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

1 284 928 ლარად იგეგმება დაბა ბაკურიანში აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთის და წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია. 778 533 ლარი კი სოფლებში – სადგერსა და ტბაში ჩიხების რეაბილიტაციაში დაიხარჯება. ასევე დაბა წაღვერში და ცემში მოეწყობა შიდა გზები 641 276 ლარად.

ექვსივე პროექტი უკვე მზადაა და „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ტენდერები 2019 წლის ბოლომდე გამოცხადდება.