ბაკურიანის პარკს სარეაბილიტაციოდ 10 544 832 ლარი დაიხარჯება

479

დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 75 873 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პარკის მოსაწყობად 10 544 832 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტს საფუძვლად უდევს „საოჯახო პარკის“ კონცეფცია, რომელიც გულისხმობს საფეხმავლო გზების, საბავშვო მოედნების, ტურისტულ ზონებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობას. პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრაქციაა საფეხმავლო რამპა, რომელიც ჰაერში იქნება აწეული და საყრდენებზე განთავსდება.

ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის კაფე, არსებული ფეხბურთის სტადიონისა და ჰოკეის მოედნის ნაცვლად გაკეთდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. შენობები ძირითადად ორი ტიპის მასალით დამუშავდება – მეტალის ფილებითა და ხის პანელებით. საფეხმავლო ბილიკებიც ორი ტიპის მასალით მოეწყობა – დამცავი ფენით დამუშავებული ხის კომპოზიტური საფარით და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორ წელიწადში უნდა დაასრულოს.

ბაკურიანის ცენტრალური პარკი სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს.