ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა

43

მიმდინარე წელს მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, ახალციხის მერიამ რვა იურიდიული პირის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აგვისტოდან–ოქტომბრამდე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან დასუფთავების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში 46 700 ლარი შევიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი გიორგი თედორაძე ამბობს, რომ წინა 2018 წელთან შედარებით მიმდინარე წელს, დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის სტატისტიკა გაზრდილია.

“შარშან გადასახადს მოსახლეობის დაახლოებით 25–30 პროცენტი იხდიდა, ახლა უმნიშვნელოდ, თუმცა შედარებით გაზრდილია რაოდენობა“, – ამბობს თედორაძე.

მისი თქმით, ფიზიკური პირის მიერ, მათ სამსახურს არანაირი ბერკეტი არ აქვს იმისთვის, რომ მოსაკრებელი ამოიღოს, თუმცა სხვა მიდგომა აქვთ იურიდიულ პირებთან – 2019 წელს მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, რვა იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლეს:

“2017 წელს სასამართლოს 13 საქმე გადავეცით და ყველა მოვიგეთ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ბაია იველაშვილის განმარტებით, რვა საქმიდან, ორი უკვე დასრულებულია.

“ორი პროცესი ახალციხის მერიის სასარგებლოდ დასრულდა, იურიდიულ პირებს დარჩენილი დავალიანების გადახდა მოუწევთ. დანარჩენი ექვსი კი განხილვის პროცეშია”.

ახალციხის მცხოვრებლები დასუფთავების გადასახადს 2018 წლის პირველი მაისიდან იხდიან. ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი 50 თეთრია, თუმცა ოჯახს ორ ლარზე მეტის გადახდა არ მოუხდება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის ტარიფები საქმიანობის მიხედვით, სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.