რა ღირს წყალტუბოს სანატორიუმები, აპირებდა თუ არა სახელმწიფო ამ ქონების 1 ლარად გასხვისებას და გადასცემს თუ არა მას ივანიშვილს სიმბოლურ ფასად?

2106

წინა სტატია

ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, გადასცემენ თუ არა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას სიმბოლურ, 1 ლარად.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ უწყება მზად იყო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება 1 ლარადაც გაესხვისებინა, თუმცა, ამ შეთავაზებით არავინ დაინტერესებულა.

“დღემდე ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მზად ვიყავით თუნდაც 1 ლარად გადაგვეცა რომელიმე ინვესტორისთვის, ოღონდ ამაში ფული ჩაედოთ. ახლა საუბარია, რომ მთელი ტეროტორია იქნება აღორძინებული. ესაა უდიდესი სარგებლის მომტანი პროექტი,“ – აცხადებს მინისტრი.

თურნავას ამ განცხადების მიუხედავად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წყალტუბოში 1 ლარად ქონების გასხვისებაზე მზაობა ოფიციალურად არასდროს განუცხადებია. ბოლო პერიოდში ამ უწყებამ წყალტუბოში არსებული სანატორიუმების ერთიან პაკეტად გაყიდვა რამდენჯერმე სცადა. ბოლო აუქციონი მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა და ხუთი სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად კვლავ ერთიან პაკეტად იყო გამოტანილი, 21 მილიონ ლარად შეაფასა: სანატორიუმ “იმერეთის“ საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარი იყო, პანსიონატ “სავანეს“ ღირებულება – 2 058 000, სტალინის აგარაკის, სანატორიუმ “წყალტუბოსი“ – 8 457 000 ლარი, სანატორიუმ “ფილიალის“ – 1 969 100 ლარი, ხოლო სანატორიუმ ‘მეგობრობის“ – 5 232 300 ლარი.

 

ის, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მინისტრის განცხადების მიუხედავად, ამ ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისებას არ აპირებდა, უწყების ოფიციალურ facebook-გვერდზე 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციაც კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამ ინფორმაციაში სააგენტო კიდევ ერთხელ წერს, რომ 5 სანატორიუმის გაყიდვას კვლავ გეგმავს, თანდართულ დოკუმენტაციაში კი ისევ ის ინფორმაცია იყო ატვირთული, რაც ბოლო, ჩავარდნილი აუქციონისას.

თუმცა, დღეს უკვე უწყებაში droa.ge-ს უთხრეს, რომ, შესაძლოა, მათ საკუთრებაში არსებული ქონების ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემა დღის წესრიგში მართლაც დადგეს.

რა ღირებულებისაა წყალტუბოში არსებული ქონება, რომლის ყიდვასაც ივანიშვილი გეგმავს და ვინ არის იმ 7 სანატორიუმის მეპატრონე, რომელსაც არც სახელმწიფო ფლობს და არც – მუნიციპალიტეტი?

როგორც ირკვევა, ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოში მხოლოდ 15 სანატორიუმს ფლობს. ივანიშვილის განცხადების გავრცელების შემდეგ droa.ge-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ მართალია, მან დაასახელა 22 სასტუმრო, მაგრამ ამ ქონებიდან შეიძლება, ყველა არ იყოს მათ ბალანსზე. საბოლოოდ გაირკვა, რომ სახელმწიფოს ბალანსზე მხოლოდ 15 სანატორიუმია – სანატორიუმი “სამგურალი”, სანატორიუმი “მეგობრობა”, სანატორიუმი “გეოლოგი”, სანატორიუმი “იმერეთი”, სანატორიუმი “გელათი”, სანატორიუმი “თბილისი”, სანატორიუმი “რკინიგზელი”, სანატორიუმი “აია”, სანატორიუმი “ფილიალი”, სანატორიუმი “უშიშროება”, სანატორიუმი “წყალტუბო”, სანატორიუმი “მედეა”, სანატორიუმი “სავანე”, სასტუმრო “წყალტუბო” და სანატორიუმი “სინათლე”.

კითხვაზე, ვის ეკუთვნის დანარჩენი 7 სანატორიუმი, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში პასუხი არ აქვთ და ვარაუდობენ, რომ ეს ქონება ან მუნიციპალურ, ან კერძო საკუთრებაშია.

წყალტუბოს მერის, გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მის ტერიტორიაზე არსებული არც ერთი სანატორიუმის მფლობელი არ არის და ეს ქონება სრულად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ამ ქონების საკუთარ ბალანსზე გადატანა არაერთხელ სურდა, ეკონომიკის სამინისტრო, წლებია, უარს ამბობს და ის ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ეს საკითხი ნახევარი წლის წინათ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მეოთხე ყოველწლიურ ფორუმზეც დადგა. მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათთან ხშირად მიდიან დაინტერესებული პირები, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ქონება სახელმწიფო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტს პოტენციური ინვესტორისთვის შეთავაზება არ აქვს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ წუხილზე კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძეს ცინიკური პასუხი ჰქონდა – თუ ვინმე დაინტერესდება, ჩვენთან გამოაგზავნეთ, ჩვენ უკეთ გავყიდითო. ფაქტია, რამდენჯერაც ეკონომიკის სამინისტრომ ერთიან პაკეტად ამ ქონების გაყიდვა სცადა, აუქციონი ჩავარდა, უწყებამ კი სანატორიუმების ცალ-ცალკე გასხვისება არ მოისურვა.

კონკრეტულად რომელი სანატორიუმების ყიდვას აპირებს ივანიშვილი და გეგმავს თუ არა ის უკვე გასხვისებული სანატორიუმების შეძენასაც, ამაზე პასუხი არც “ქართულ ოცნებაში” აქვთ. პარტიის პრესსამსახურში droa.ge-ს უთხრეს, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არც იმაზე აღმოაჩნდათ პასუხი, თუ რამდენად არის მათ საკუთრებაში არსებული ქონება შეფასებული. უწყებამ droa.ge ეკონომიკის სამინისტროსკენ გადაამისამართა. თუმცა, თავად ეკონომიკის მინისტრი თურნავა ამბობს, რომ ვადებზე, პირობებსა და ღირებულებაზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.

“რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ეს ის დეტალებია, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება, როდესაც მთლიანად კომპლექსურ გეგმას დავამუშავებთ, მაგრამ ახლავე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს და სახელმწიფომ სარგებელი მიიღოს აქედან.

როგორ განვითარდება წყალტუბო?

“ქართული ოცნების” ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ არაერთი კითხვა გააჩინა. გარდა იმისა, თუ რა ფასად გადაეცემა ივანიშვილს ქონება, რას მიიღებს ამ გარიგებიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობა, ცხადია, უმთავრესი საკითხი ისაა, როგორი იქნება წყალტუბოს მომავალი.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო, ჯერ კიდევ 2010 წლიდან, კურორტის აღორძინების გეგმებს სახავდა, რეალურად, ამ დრომდე არ არსებობს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც დაადგენდა, რა პოტენციალი აქვს დღეს წყალტუბოს, კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს, რა რესურსები გააჩნია ქალაქს, სად არის და რისი მიღწევა სურს 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ.

ქალაქ წყალტუბოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, თუმცა, ერთადერთი, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა, არის ის, რომ 2018 წელს, თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მე-20 საუკუნის “სტალინური” ეპოქის ნაგებობები აღწერა. როგორც მაშინ ითქვა, ეს დოკუმენტი სამომავლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდებოდა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში. გენგეგმა ეკონომიკის სამინისტროს უნდა შეემუშავებინა და ის, მნიშვნელოვანწილად, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილ პოტენციალს უნდა დაყრდნობოდა.

2019 წლის მიწურულსაც კი ქალაქის გენგეგმა შემუშავებული არ არის. ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წყალტუბოს მომავალზეც ბევრი წერია, თუმცა, ეს განცხადება უფრო მეტად ემოციებსა და კეთილ სურვილებს გამოხატავს და არა – კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრნობილ გათვლებს, რომელიც ამ ქალაქის რეალური განვითარებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია.

ცხადია, წყალტუბოს რეაბილიტაცია უდაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, შეძლებს თუ არა სახელმწიფო წყალტუბოს, როგორც კურორტის, განვითარების კომპლექსური ხედვის შემუშავებას, მათ შორის, უცხოეთში კურორტის უნიკალური თვისებების გაცნობის კუთხით, რათა რეაბილიტირებული წყალტუბო სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად იქცეს და განხორციელებულმა ინვესტიციებმა ქვეყანას მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს. ეკონომიკის სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები, სამწუხაროდ, ამაზე ჯერ-ჯერობით სდუმან.