თერჯოლის სოფელ ძევრში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება დაიწყო

1175

ძევრის ცენტრის კეთილმოწყობის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება დაიწყო, ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

თერჯოლის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საგო“ შეასრულებს და მასზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 140 ათასი ლარი დაიხარჯება.

“მიმდინარე წელს ძევრის ცენტრის კეთილმოწყობისათვის 517 237 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი, მოეწყო 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელობის სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიური, ტროტუარი, შეიცვალა წყლის მილები, ასევე, ცენტრში მდებარე უსახურ შენობებს დემონტაჟი ჩაუტარდა”, – აცხადებენ თერჯოლის მერიაში.