გონიო-კვარიათის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ 15 მილიონი იხარჯება

758

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში, გონიო-კვარიათის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ლარია, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.

“გონიო-კვარიათში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მაგისტრალური ხაზი მეჯინისწყლიდან გონიოში მდებარე რეზერვუარამდე, შემდეგ კი, სარფის საზღვრამდე გრძელდება და შიდა დაქსელვების გათვალისწინებით ჯამში 30 კმ. ქსელს მოიცავს.

ჩვენ ვიმყოფებით ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს 2000 კბმ ტევადობის წყლის რეზერვუარის მშენებლობა. რეზერვუარი განთავსებულია ზღვის დონიდან 40 მ. სიმაღლეზე და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ უზრუნველყოფს დაახლოებით 1000-მდე აბონენტის თვითდინებით, 24 საათიან რეჟიმში წყალმომარაგებაში ჩართვას.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ეტაპობრივად სრულად დაფარავს მთელ გონიო-კვარიათს და გადაილახება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა”, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძე.

პროექტის ფარგლებში, გონიო-კვარიათში 2000 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარი, ზღვის დონიდან 40 მეტრზე აშენდება, საიდანაც 24 საათიანი, უწყვეტი, თვითდენითი წყალმომარაგებით 1 000-ზე მეტი აბონენტი ისარგებლებს.

ცნობისთვის, ხელშეკრულებას პროექტის დაწყების თაობაზე მიმდინარე წლის აპრილში მოეწერა ხელი.