ზუგდიდის მერია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი თანამშრომლის შეურაცხმყოფველ ფეისბუქ კომენტარს შეისწავლიან

92

წინა სტატია

ზუგდიდის მერია და ზუგდიდის “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორი აცხადებენ, რომ თანამშრომლის, ზაზა ფარცვანიას ფეისბუქ კომენტარს, სადაც ის ძალადობის მსხვერპლი ქალის, თამთა თოდაძის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილის ფეისბუკ კომენტარს.

“როგორც კი ფაქტი დადგინდება, მერიის პოზიცია იქნება უმკაცრესი”, – აცხადებენ მერიაში, წერს ლაივპრესი.

გარდა ამისა, ზუგდიდის მერიის ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორი, მადონა მაქაცარია ამბობს, რომ შეშფოთებული და გაბრაზებულია მოადგილის, ზაზა ფარცვანიას სიძულვილის ენის შემცველი ფეისბუკ პოსტების გამო. ცენტრის დირექტორის სიტყვებით, ფარცვანიამ უნდა დატოვოს სამსახური.

როგორც მადონა მაქაცარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, შვებულების შემდეგ, სამშაბათს ბრუნდება სამსახურში და მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მეტის ატანა უკვე შეუძლებელია. გაფრთხილების შემდეგ მან ახლა უკვე უნდა დატოვოს ჩვენთან სამსახური… მე შვებულებაში ვარ და ახლა ჩემს სიტყვებს არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ეს არის ჩემი აზრი. სამშაბათს ვბრუნდები სამსახურში და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე ვარ ძალიან გაბრაზებული“, – განაცხადა მადონა მაქაცარიამ.

სიძულვილის ენის შემცველი პოსტების გამო მიღებული გაფრთხილების მიუხედავად, ზაზა ფარცვანიამ ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა. ამჯერად ის თამთა თოდაძეს ეხებოდა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

“თუ არ გაუყრია შენთვის, პატიმრობას არ ითვალისწინებს”, – დაწერა მან კომენტარად სოციალურ ქსელში. თავად ამ წინადადებას ის შეურაცხმყოფელად არ მიიჩნევს – “ქართული ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გამოიყენო კარგად, ან ცუდად. ვინ როგორ შეხედავს, იმაზეა დამოკიდებული”, – განმარტა მან. მოგვიანებით კი ფეისბუკის გვერდი გააუქმა.

“მოვისვენებთ მე და თქვენც დაგასვენებთ ცოტა ხნით. იმიტომ, რომ როცა წავიკითხავ რაღაცას, ემოციებს ვყვები”, – განმარტა მან.

უფრო ადრე ის გააფრთხილეს, რადგან 8 სექტემბერს აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს შეაგინა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

ზაზა ფარცვანიამ ფეისბუკზე სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი 2017 წლის ივლისშიც გამოაქვეყნა, როცა ასევე მერიის დაქვემდებარებულ სხვა ააიპ-ში “ფეხბურთისა და ახალგაზრდობის ცენტრის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ფარცვანიამ შეურცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გაუჩინარდა. მუხთარლის მხარდასაჭერად ქართული მედიის წარმომადგენლებმა მაშინ აქცია გამართეს, ზაზა ფარცვანიამ ყველა მათგანი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

სიძულვილის ენის შემცველი პოსტების გამო მიღებული გაფრთხილების მიუხედავად, ზაზა ფარცვანიამ ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა. ამჯერად ის თამთა თოდაძეს ეხებოდა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

თამთა თოდაძესთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმაც გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. “თუ ბო…ს” სამსახურში აიყვან, ცალი ფეხი ცდუნებაში გაქვს, მეორე კი ადუღებულ ფისში”, – დაწერა ზურაბ ბიგვავამ.