კასპის სოფელ წინარეხში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

1022

კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ წინარეხში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

სკოლის მშენებლობას მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს.

სოფელ წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა 1882 წელს საქართველოში წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული. დღეს სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლა აშენდება. უკვე მიმდინარეობს სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლის მშენებლობა, ახალი სკოლა აშენდება სოფელ ქვემო გომშიც“, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.