ადიგენის სოფელ ფარეხაში მოსახლეობა ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვს

719

ადიგენში, სოფელ ფარეხაში, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგია არასდროს ჰქონიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ საკითხზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არაერთხელ იყვნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ელექტროენერგიის არქონის პრობლემით, სოფელ ფარეხას მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხშირად საუბრობს. აქ მცხოვრებლები ბოლოს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში სექტემბერში იყვნენ.

„გუბერნატორთან ვიყავით, უკვე სამი წელია გვპირდებიან დავდგამთ მზის კოლექტორებსო. ასეთი პასუხი გაგვცეს – ადიგენის და ახალციხის მერებმა ერთად უნდა გააკეთონო. 2020 წლამდე დამონტაჟდებაო. აწი, არ მოხვიდეთ, არ შეწუხდეთო და იქნება დენიო“, – ამბობს ფარეხის მკვიდრი როზა დალაგონიანი.

მისივე თქმით, ფარეხაში კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს და ორიც ფერმაა: „აქ სულ სამი ოჯახი ვართ და ახლოსაც ფერმებია. იმედია, იქაც გაუკეთებენ. იცი რა რთულია უშუქოდ?! ტელეფონი რამდენიმე დღე დასატენი გვაქვს, ვერავის ვუკავშირდებით“.

სოფელი ფარეხა ადიგენი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტში შედის. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამ ოჯახს მზის პანელები 2019 წლის პირველ დეკემბრამდე ექნება: „უკვე ცნობილია კომპანია, რომლემაც უნდა დაამონტაჟოს მზის კოლექტორები. ხელშეკრულება გაფორმებულია და ნოემბრის ჩათვლით აუცილებლად დასრულდება“, – აცხადებენ ადიგენის მერიაში.

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში რომ მზის პანელები უნდა დამონტაჟდეს, ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრომ ივლისში განაცხადა. მათი ინფორმაციით, მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს.

ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.