კვლევა: დამალული ფაქტები დეკლარაციებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საჯარო მოხელეების მიერ

1297

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში, რომელიც მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების არასწორ შევსდებას ეხება, დარღვევები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში მხოლოდ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არ გამოვლინდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 5-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 2 ფაქტი და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 შემთხვევა.

ონის მუნიციპალიტეტში, ემზარ საბანაძეს, ონის მერს – 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ეთერ საბანაძე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „დაუთა” – 50%, შპს „ფრაგოლა” – 100%, „შპს ფუდ გრუპი” – 15%, შპს „ინტურისტი” – 97.2% წილი, შპს „ჯი ენ კა გრუპი” – 25%.

ცაგერის მუნიციპალიტეტში, გიორგი (გოგიტა) გუგავას, ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარეს –
2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „მეურნეს”
50% მესაკუთრე, მისი მეუღლე, ლელა ახვლედიანი კი კოოპერატივ „მეთევზის” გამგეობის წევრი და დირექტორია.

ცაგერში, რეზო ხეცურიანს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ბიო პროდუქტ გროუპი“ – 34%, შპს „ჯორჯია გლობალ კაპიტალი” – 45%, „ბარდჯომჯორჯია” – 8%, შპს „ელიტმშენი 2010” – 20%, შპს „ვიტაკან-ჯორჯია” – 25%, შპს „ფუძე” – 25%.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ბადრი ლიპარტელიანი, ლენტეხის მერი – ის მერად არჩევამდე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი ლენტეხის” დირექტორის პოზიციას იკავებდა. მერად არჩევის შემდეგ მას აღნიშნული
თანამდებობა არ დაუტოვებია და ეს ინფორმაცია არც 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში აქვს ასახული.

ლენტეხში, რამაზ ქურასბედიანს, ლენტეხის მერის პირველ მოადგილეს, 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე, ლედი ონიანი არის შპს „იურიდიული უზრუნველყოფის ცენტრის” 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.