ბაგრატ ღვინჯილია: კომპანია გავაჩერო იმის გამო, რომ ჩემი ბიძაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეა?

760

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

შპს წალენჯიხის საგზაო სამმართველოს დირექტორი ბაგრატ ღვინჯილია ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ წალენჯიხაში ტენდერების მოგებაში კორუფციის ნიშნები არ არსებობს. რადიო ათინათთან საუბრისას ასე გამოეხმაურა ღვინჯილია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას, სადაც კორუფციის სავარაუდო ნიშნებზეა საუბარი.

მისი თქმით, კომპანია ტენდერებს კეთილსინდისიერად იგებს და იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია, აღნიშნულთან კავშირი არ აქვს.

„ამის გამო მე კომპანია გავაჩერო? 20 წელია, ეს კომპანია მუშაობს, ყოველთვის ვიღებდით ტენდერებში მონაწილეობას და ვიგებდით კიდეც. 40 წელია, თემური ჩემი ბიძაშვილია და მერე რა?“, – გვითხრა ღვინჯილიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დღეს, პირველ ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა მონიტორიგნის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ წალენჯიხაში ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს. ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.