სააგენტო ვანის ქვაბებზე: კვლევის შედეგად გამოვლინდა ვითარების გაუარესების ფაქტები

67

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვანის ქვაბების ორწლიანი შესწავლის საფუძველზე ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა მასშტაბის ჩამონგრევისა და ვითარების გაუარესების ფაქტები. პირველი კრიტიკული არეალი იდენტიფიცირებულია ძეგლის ფასადზე, მეორე კი ძეგლში გამავალი ტურისტული ბილიკის ბოლო მონაკვეთზე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთის საფუძველზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრის მიერ დასრულდა ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მდგომარეობის გადაუდებელი კვლევისა და მონიტორინგის სამუშაოების პირველი ეტაპი.

სააგენტოს ინფორმაციით, ანგარიში მომზადდა „ვანის ქვებების“ კომპლექსზე იტალიელ სპეციალისტებთან ერთობლივად განხორციელებული საველე და ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

ორწლიანი შესწავლის საფუძველზე ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა მასშტაბის ჩამონგრევისა და ვითარების გაუარესების ფაქტები.

პირველი კრიტიკული არეალი იდენტიფიცირებულია ძეგლის ფასადზე, მოქმედ ეკლესიასთან ახლოს, სადაც ვულკანური ქანის დაცურების აქტიური პროცესის მიზეზით 15 კუბური მეტრი მოცულობის კლდოვანი მასა შესაძლოა მთლიანად ჩამოინგრეს.

მეორე კრიტიკული უბანი განლაგებულია ძეგლში გამავალი ტურისტული ბილიკის ბოლო მონაკვეთზე, რომელიც ფრაგმენტირებული ქანის ბლოკების დაგროვებითა და მასიური ქვათაცვენით ხასიათდება.

ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად:

პირველი-მომზადდება გამაგრების სპეციფიკური დიზაინი და გამაგრებითი სამუშაოების პროექტი, რაც ვანის ქვაბების კლდის მასივის კრიტიკული უბნების დაანკერების მეთოდით კონსოლიდაციას და დამცავი კონსტრუქციების მონტაჟს მოიცავს.

მეორე-სამუშაოების განსახორციელებლად მომზადდება შესაბამისი ხარაჩოების დიზაინი.

ვანის ქვაბებზე იდენტიფიცირებული ძირითადი გეოდინამიკური საფრთხეების შემცირების გრძელ და მოკლევადიან ფიზიკურ ღონისძიებებთან ერთად, სამომავლოდ გატარდება არაფიზიკური ღონისძიებებიც:

სპეციალური დაკვირვების ელექტრონული სისტემის ინსტალაცია.
გაკონტროლდება ძეგლზე ქანების მოძრაობა.

გასულ წელს ჩატარებული კვლევების შემდეგად ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის დაიხურა. მიმდინარე წელს განხორციელებულმა განმეორებითმა შემოწმებამ გეოდეზიური პროცესების რეგრესი ისევ დაადაასტურა, რაც ქვათაცვენის ახალი უბნების გაჩენით გამოიხატა.

ვანის ქვაბები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კლდეში ნაკვეთი ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ნომინირებული ვარძია-ხერთვისი – ოლოდას კულტურულ ლანდშაფტში.