ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

93

ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, სასმელი წყლის სისტემის ორ კილომეტრზე მეტი, ახალი მილებით შეიცვალა, თუმცა იგი ჯერ საფილტრ სადგურთან, რომელიც მოსახლეობას სუფთა წყალს მიაწვდის, არ დაუერთებიათ. ინფორმაციას სამხფრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, ახალი მილებით სასმელი წყლის სათავე-ნაგებობიდან, საფილტრ სადგურამდე მონაკვეთი დაიქსელა.

“როდესაც საფილტრი სადგური გაკეთდა და ჩავრთეთ, წყალმა გაჟონა – ზუსტად იმიტომ, რომ ძველი იყო სისტემა და სკდებოდა. ახლა ეს მონაკვეთი გავაკეთეთ, რომ საფილტრ სადგურამდე ჩავიდეს წყალი, გაიფილტროს და მოსახლეობაზე გადანაწილდეს“, – ამბობს ბუბა ბერიძე.

ახალდაბაში თბილისიდან ტექნიკურ ჯგუფს ელოდებიან, რათა ახლადშეცვლილი მილები საფილტრ სადგურზე დააერთონ. ბუბა ბერიძე ამბობს, რომ ეს სამუშაოები დაახლოებით 10 ოქტომბრამდე დასრულდება და მოსახლეობა გაფილტრული წყლით ისარგებლებს.

მისივე თქმით, ახალდაბის სასმელი წყლის სისტემის მთლიანი შიდა ქსელი 35 კილომეტრია და რეაბილიტაცია სჭირდება. მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ ქსელის შესაცვლელად მუნიციპალიტეტს ფინანსური რესურსი არ აქვს. ამიტომ მისი შეცვლა ეტაპობრივად მოხდება.

“გაფლტრულ წყალს მივაწვდით, მაგრამ შესაძლოა მოსახლეობას პრობლემები ისევ შეექმნეს, რადგან დანარჩენი შიდა ქსელი ძველია და მას სრული შეცვლა უნდა. მომავალ წელს, ახალდაბაში იგეგმება ძირითადი ქუჩების მოასფალტება. ამიტომ, ჯერ ქსელი შეიცვლება, მერე დაიგება ასფალტი“, – ამბობს ბერიძე.

ახალდაბში ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 000 ლარი დაიხარჯა. ხოლო სათავე-ნაგებობისა და საფილტრი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალდაბაში 2017 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფილტრი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე, წყლის სისტემის შიდა მილები დასკდა და საფილტრი სადგურის გადაკეტვა გახდა საჭირო.

ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია, ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება.