ზუგდიდის მერი: დადიანების ეზოს მიმდებარედ, ამფითეატრის შესაძენად ბიუჯეტს ფული არ აქვს

53

დადიანების სასახლის მიმდებარედ, ყოფილი ამფითეატრის შენობის შესაძენად ზუგდიდის ბიუჯეტს თანხა არ აქვს, – უპასუხა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ აქტივისტის კითხვას, ხომ არ აქვს მერიას მოლაპარაკებები მესაკუთრესთან ამ ტერიტორიის შესაძენად. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

„ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან არის ამფითეატრი, რომელიც არის უფუნქციო. მაინტერესებს, რამდენად გაქვთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან, რომ იქ შეცვალოს რაიმე და გაიხსნას კარგი კულტურული ცენტრი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ აქტივისტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოქალაქეების შეხვედრაზე.

“ამფითეატრის ტერიტორია ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცა წინა ხელისუფლების დროს ვინმე ლევან ქარდავას, ამჟამად კი მესაკუთრე სხვა პირია. ტერიტორიის მუნციპალურ საკუთრებაში გადმოსაცემად გვინდოდა კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკება, თუმცა გასაყიდად კოლოსალურ თანხას ასახელებენ და ამის რესურსი ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სასახლის ეზოს ნაწილი, 995 კვ.მ ფართობი 2007 წელს კერძო პირზე, წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავაზე გასხვისდა.

მანამდე არსებული მიწის ნაკვეთით ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამაც ისარგებლა. მან ამ მონაკვეთზე ამფითეატრი აამოქმედა.