დუშეთის მერიას უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ – 3 წელია, ხელისუფლება საკითხს ჯერ ისევ სწავლობს

1394

ავტორი ეკატერინე ბასილაია

დუშეთის მუნიციპალიტეტში წლებია, უკანონო მშენებლობებია გაჩაღებული და არქიტექტურის სამსახურში ნებართვების გაცემაზე სრული განუკითხაობაა. 2017 წლიდან დღემდე უკვე არაერთი ფაქტი, დოკუმენტური მასალა დაგროვდა, როცა სამშენებლო ნებართვა გაიცემა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს აკრძალულია, მათ შორის, სანიტარული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაშიც კი, ასევე ხშირია საჩივრები შერჩევით სამართალზე და კორუფციულ გარიგებებზე მინიშნებებიც არსებობს

დიდი ხმაურის ატეხვის შემდეგ დუშეთის მერიაში შიდა აუდიტი ჩატარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემისას იყო დარღვეები და სისხლის სამართლის ნიშნებიც კი. ახლა ხელისუფლების სხვადასხვა შტოში აცხადებენ, რომ საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი. ამ ყველაფრის ფონზე კი დუშეთის მერი აცხადებს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან 2 თვის წინ მისთვის გადაგზავნილი აუდიტის დასკვნა „ჯერ არც წაუკითხავს“ და არ იცის, არის თუ არა დარღვევები.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სამშენებლო ნებართვების გაცემისას დიდი დარღვევებსა და დანაშაულის ნიშნებზე ხმაური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დუშეთის ოფისის ხელმძღვანელმა, სერგო ისაშვილმა 2017 წლიდან დაიწყო.

როგორც ისაშვილი droa.ge-სთან ამბობს, დუშეთში მოქალაქეებს მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მშენებლობების ნებართვებზე პატარა კვლევა ჩაეტარებინა. კვლევის შემდეგ კი ძალიან ბევრ საეჭვო ნებართვას გადააწყდა და ამის შემდეგ დაიწყო კითხვების დასმა და ყველა შესაბამის უწყებაში – მთავრობასა თუ სხვადასხვა სამინისტროებში, მოთხოვნა იმის, რომ სავარაუდო დარღვევები და გადაცდომები შესწავლილიყო.

ისაშვილის თქმით, მისი ამდენწლიანი ბრძოლის შედეგია ის, რომ გაზაფხულზე მთავრობის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია იძულებული გახდა, შიდა აუდიტი ჩაეტარებინა და ორი თვის წინ დასკვნაც დადო, სადაც აუდიტორები ადასტურებენ ყველა იმ დარღვევას, რასაც თავად, წლებია, აცხადებს.

„ეს დასკვნა ჩვენი ამდენწლიანი ბრძოლის და წერილების შედეგია. იცით, რომ 2017 წლიდან ვატარებთ მონიტორინგს, ვაგზავნი წერილებს მთავრობაში სავარაუდო დარღვევების თემაზე და სწორედ მთავრობიდან გადაეგზავნა პროკურატურას ჩვენი წერილები. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში შიდა აუდიტის ჩატარებაც და აუდიტის კრიტიკული დასკვნაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ იკვეთება სს სამართლის დანაშაულის ნიშნები და მათ ძალებს აღემატება ამის გამოკვლევა. დასკვნაში წერია, რომ იკვეთება არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული დანაშაული. წესით, დუშეთის მერიას ეს დასკვნა პროკურატურისთვის უნდა გადაეგზავნა, მაგრამ არ გადაუგზავნია. გავაგზავნე მე და შეიძლება ამის შემდეგ თავადაც გადააგზავნონ,“- აცხადებს ისაშვილი.

მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურში სრული განუკითხაობაა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ზოგს სთხოვენ ისტორიულ-არქიტექტურულ ცნობას, ზოგს – არა, ზოგს სთხოვენ კოეფიციენტებს, ზოგს – არა, სადაც მშენებლობა არ შეიძლება, ზოგს აშენებინებენ, ზოგს – არა, შერჩევითი სამართალია და ყველა  ეს დარღვევა და სს დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებები დაადგინა აუდიტის სამსახურმა.

სერგო ისაშვილის თქმით, ყველაზე დიდი დარღვევაა ასევე ისაა, რომ დუშეთის გენგეგმა არასწორადაა შემუშავებული და ის წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის 2014 წლის N59 დადგენილებასთან, რის გამოც დუშეთის განაშენიანება არასწორად და კანონის დარღვევით ხდება. გარდა ამისა, სამშენებლო ნებართვები თავად ამ გენგეგმაში მოცემული ზონების დარღვევითაც გაიცემა და ეს ნებართვები კორუფციულ გარიგებებზე კითხვებს აჩენს.

საქმე N1 – სასტუმრო სოფელ ხომში

დუშეთის გამგეობამ დუშეთის სოფელ ხომში სასტუმროს მშენებლობაზე 2017 წელს გასცა ნებართვა N58, მოქალაქე იური კაიშაურზე. თავდაპირველად ნებართვა გაიცა მე-2 კლასის შენობის – სასტუმროს მშენებლობაზე, ჯამური ფართობი 337,3 კვ/მ-ია. მშენებლობის შემდგომი ნებართვები – N1 და N6 გაცემულია 2018 წელს. პირველი დარღვევაც აქ ჩნდება. 2017 წელს ნებართვა მე-2 კლასზე გაიცა და დიდი შენობა-ნაგებობის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ნებართვა უნდა იყოს მე-3 კლასზე, რაც დამატებით დოკუმენტაციას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც საია-ს იურისტმა ამ საქმეზე ხმაური ატეხა, უკვე შემდგომ, 2018 წელს გაცემულ ნებართვაში, მე-2 კლასი მე-3 კლასით ჩასწორდა, თუმცა, მე-3 კლასისთვის სავალდებულო დამატებითი დოკუმენტაცია მერიას მოქალაქისათვის არ მოუთხოვია.

ამასთან, ამ მშენებლობის ნებართვაზე საპროექტო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პროექტის დამკვეთიც და შემსრულებელიც არის იური კაიშაური და მისი ტურისტული კომპანია „ხომი“.

იურისტი სერგო ისაშვილი  აცხადებს, რომ ტურისტულ კომპანიას პროექტის შესრულების უფლება არ აქვს. მისივე ინფორმაციით, პროექტი დაწერა დუშეთის არქიტექტურის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა მაია ნავაძემ, მაგრამ დოკუმენტში გააფორმეს კაიშაურის კომპანიაზე, თანაც, ზოგ დოკუმენტზე კაიშაურს ხელმოწერაც კი დაავიწყდა.

საქმე N2 – ტურისტული ცენტრი ბაზალეთის ტბასთან

ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში, რომელიც წარმოადგენს სანიტარულ დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას, რაც ნიშნავს, რომ აქ მშენებლობა აკრძალულია, ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის ნებართვა მაინც გაიცა. მოქალაქე გელა ჟვანიამ 2017 წლის 2 ოქტომბერს მოითხოვა მშენებლობის პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა და რატომღაც იმავე დღეს პროექტიც შეუთანხმეს და მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

ამასთან, ირკვევა, რომ ჟვანია 2014 წელს ამავე ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობისთვის 200 ლარით იყო დაჯარიმებული.

„თავად ჯარიმის რაოდენობაც აჩენს კითხვებს, მკაცრი რეჟიმის ზონაში უკანონო მშენებლობა ჯარიმდება არა 200 ლარით, არამედ 8 000-ით. მიუხედავად იმისა, რომ უკანონო მშენებლობის გამო ჟვანია დაჯარიმებულია, 3 წლის შემდეგ დუშეთის არქიტექტურის სამსახური მას სწორედ იმავე ტერიტორიაზე აძლევს მშენებლობის ნებართვას.

„როგორ გამოასწორა მენაშენემ ხარვეზი და როგორ აიღო მშენებლობის ნებართვა იმავე ტერიტორიაზე, რომელიც მკაცრი რეჟიმის პირველი ზონაა, სადაც მშენებლობა აკრძალული იყო?! თანაც, ერთ დღეში როგორ გასცა მშენებლობის ნებართვა დუშეთის გამგეობამ? ამ კითხვებით მივმართე მერიას, მაგრამ პასუხს არავინ მცემს,“- ამბობს იურისტი სერგო ისაშვილი.

მისი თქმით, არაერთი ფაქტია, როცა ჯერ აჯარიმებენ მენაშენეს, შემდეგ კი მშენებლობის ნებართვას აძლევენ და ეს მაშინ, როცა ბაზალეთის ტბის სანაპიროდან ხმელეთისკენ არანაკლებ 100 მეტრის ზონაში აკრძალულია ფიზიკური პირის ცხოვრება. ის, რომ ბაზალეთის ტბიდან 100 მეტრის ზონა მკაცრი რეჟიმის ზონად მიიჩნევა და მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობა დაუშვებელია, ამას ადასტურებს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოგზავნილი განცხადებაც და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 ოქტომბრის წერილი N78.

საქმე N3 – სქემა მერიაშიარასწორი მუხლით გამოწერილი ჯარიმები  

სერგო ისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელთ აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება, დუშეთის მერიიდან რეაგირება არ ჩანს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს ერთგვარი სქემა აქვს შემუშავებული, ჯერ როგორ დააჯარიმოს არასწორი მუხლით მენაშენე მხოლოდ 200 ლარით, ნაცვლად 8000 ლარისა და შემდეგ კი იმავე მენაშენესთვის გასცეს სამშენებლო ნებართვა.

კანონის თანახმად უნებართვო მშენებლობებზე ჯარიმები კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი, ქალაქში ჯარიმა უფრო მაღალია, დაბასა და სოფელში – უფრო დაბალი, ასევე, მაღალია ჯარიმა, თუ აკრძალულ ზონაშია მშენებლობა დაწყებული. დუშეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური კი ბაზალეთის ტბის მკაცრი რეჟიმის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის მენაშენეს აჯარიმებს არა ამ რეჟიმისთვის განკუთვნილი მაღალი ჯარიმით – 8 000 ლარით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, არამედ „მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში სანებართვო პირობების დარღვევის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200-ლარიან ჯარიმას.

„დუშეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოვითხოვე, ბაზალეთის ტბის მკაცრი რეჟიმის ზონაში რამდენი ჰყავთ დაჯარიმებული და რა თანხით? უწერიათ, რომ 200-ლარიანი ჯარიმის გამოწერა ხდება. სქემა ასეთია – ვისაც მშენებლობის დაწყება სურს, მიდის ზედამხედველობის სამსახურთან და შემდეგ ყველაფერი კოორდინირებულად ხდება. შეთანხმებაა, რომ მშენებლობას დაიწყებს მოქალაქე, შემდეგ ზედამხედველობა დააჯარიმებს 200 ან 600 ლარით, არა მკაცრი რეჟიმის ზონაში მშენებლობის დაწყებისთვის, არამედ უბრალოდ დაბაში ან სოფელში უკანონო მშენებლობისთვის. შემდეგ ამ ჯარიმას აორმაგებს, ასამმაგებს. ამის შემდეგ მოქალაქე მიდის სასამართლოში, სასამართლო აუქმებს ყველაფერს იმის საფუძველზე, რომ მუნიციპალიტეტმა პროცესი არასწორად აწარმოა, ადმინისტრაციული წარმოების წესები დაირღვა და სამივე ჯარიმას აუქმებს. თუმცა სასამართლო იმას არ ამბობს, რომ აქ არ შეიძლებოდა მშენებლობა და ეს უკანონობაა,“- აღნიშნავს ისაშვილი.

საქმე N4 – სახლი ლანდშაფტურსარეკრეაციო ზონაში

ერთ-ერთი პირველი საქმე, რაზეც ხმაური ატეხა იურისტმა სერგო ისაშვილმა, ეხება დუშეთის ტერიტორიაზე 2017 წლის 19 ნოემბერს გაცემულ 2-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას. მენაშენე ამირან მენაღარიშვილია, ნებართვა კი გაცემულია მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო სტატუსი მინიჭებული აქვს თვითონ დუშეთის გენგეგმის მიხედვით და მთავრობის 2014 წლის N59 დადგენილებით.

სერგო ისაშვილი ამბობს, რომ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში სახლის მშენებლობა დაუშვებელია, დუშეთის მერიის სამსახურმა ამ ტერიტორიაზე მიწის გამოყენების პირობის გაცემისას კარგად იცოდა, რომ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში სამშენებლო ნებართვას ვერ გასცემდა, ამიტომაც ფუნქციური ზონის გრაფაში მითითებული აქვს – საცხოვრებელი ზონა. ხოლო შემდეგ, როცა მან ხმაური ატეხა და ჯერ მერიას, შემდეგ მთავრობას მისწერა ამ კონკრეტულ ქეისზე დარღვევების შესამოწმებლად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის კოორდინატების და ფუნქციური ზონის შეცვლა მოხდა, ისე, რომ მიწის სამშენებლო გამოყენების პირობა ახლიდან არ გაუცია. ამიტომაც მენაღარიშვილის სახლი რეალურად აშენდა იმ მიწის ნაკვეთის გვერდით, სადაც თავიდან იყო მშენებლობის ნებართვა გაცემული.

შიდა აუდიტი ადასტურებს, რომ საქმეებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის დასკვნაში აქ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა ქეისია განხილული, სადაც დარღვევები და საეჭვო გარემოებები იკვეთება. მაგალითად, წერია, რომ სამშენებლო ნებართვები არასწორადაა გაცემული, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, სადაც მშენებლობა დაუშვებელი, გაცემულია ნებართვა და აშენებულია შენობაც. ასევე წერია, რომ არასწორადაა ჯარიმები გამოწერილი და 8000 ლარის ნაცვლად, მოქალაქეები დაჯარიმებულები არიან მხოლოდ 200 ლარით.

„გამომდინარე ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან, აუდიტის მიგნებებიდან, გამოვლენილი დარღვევებიდან და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტორისა და მშენებლობის სამსახურის ყოფილი უფროსი ე. სინჯარაძე მსჯავრდებულია სსკ 338-ე მუხლით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პირის ან პირთა ჯგუფის მხრიდან არამართლზომიერ ქმედებას. პირის ან/და პირების მიერ წინასწარი განზრახვით ან/და გაუფრთხილებლობით გამოწვეულ დარღვევებს, რის გამოც შიდა აუდიტის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოყვანილი გარემოებების დამატებით (სიღრმისეული) შესწავლა, რაც სცდება (აღემატება) სამსახურის უფლებამოსილებას,“- წერია დასკვნაში. 

პასუხები ხელისუფლებიდანგამოძიება დაწყებულია, დუშეთის მერს კი დასკვნა არ წაუკითხავს

იურისტი სერგო ისაშვილი ბრძოლას განაგრძობს. ამ კონკრეტულ ქეისების გარდა, სხვა დარღვევებზეც განცხადებები გაგზავნილი აქვს ყველა იმ სახელისუფლებო უწყებასთან, რომელსაც ეხება დუშეთში სამშენებლო ნებართვების უკანონობა-კანონიერების შესწავლა. ამ ჩამონათვალშია: დუშეთის მერი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მთავრობის ადმინისტრაცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში droa.ge-ს განუცხადეს, რომ საია-ს იურისტის მიერ და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული განცხადებები დუშეთში მშენებლობის ნებართვების კანონიერების შესწავლის შესახებ პროკურატურაშია გადაგზავნილი და მეტი არაფრის თქმა შეუძლიათ.

მთავრობის ადმინისტრაციიდან დუშეთის მერიაშიც გაიგზავნა მოთხოვნა, საია-ს წერილებზე რეაგირება მომხდარიყო, რის გამოც მერია იძულებული გახდა, შიდა აუდიტის სამსახურს მოკვლევა დაეწყო.

დუშეთის აუდიტის სამსახურის უფროსმა, ჯამბულ მელითაურმა ივლისში droa.ge-სთან საუბარში თქვა, რომ შიდა აუდიტი დასრულდა, მან დავალება შეასრულა და მასალები გადაეგზავნა დუშეთის მერიას, როგორც ამას კანონი ავალდებულებდა.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დასკვნის დადებიდან 2 თვეა გასული, დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი აცხადებს, რომ „მას ჯერ არ წაუკითხავს“ და არ იცის, დარღვევები არის თუ არა.

„ეგ დასკვნა და შემოწმების მასალები გადაგზავნილი მაქვს ჩემი თანამშრომლისთვის, ჯერ განხილვაშია. სერგო ხურცილავა არის მოწვეული სპეციალისტი, რომელიც მთლიანად საბიუჯეტო და იურიდიულ მხარეებს იხილავს. ჩვენთან უნდა განვიხილოთ და მერე მივიღებთ, რა არის და როგორ არის. განხილვა, ალბათ, უახლოეს ხანში დასრულდება,“- ეს განაცხადა ერთი თვის წინ ზურაბ სეხნიაშვილმა.

ორი დღის წინ კი შეკითხვაზე, უკვე წაიკითხა და განიხილა თუ არა შიდა აუდიტის დასკვნა, თქვა, რომ  – არა.

„აუდიტის დასკვნაში წერია ყველაფერი და წაიკითხეთ. თუ იქნება დარღვევები, პასუხსაც აგებენ. ახლა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვარ… მე ჯერ არ წამიკითხავს. წავიკითხავ, გავეცნობი და ზომებსაც მივიღებ,“ – აცხადებს სეხნიაშვილი.

მართალია, დუშეთის მერის მტკიცებით, მან დარღვევებზე არაფერი იცის, თუმცა, საია-ს იურისტისთვის 2 აგვისტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გამგეობის მუშაკების მიერ სამშენებლო ნებართვების სავარაუდოდ უკანონოდ გაცემის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლიც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

„რომ არა საია-ს ამდენწლიანი ბრძოლა და წერილები მთავრობაში, დღევანდელი შედეგიც არ დადგებოდა, მერიაში ამ დარღვევას ვერავინ აღმოაჩენდა. წესით, შიდა აუდიტის დასკვნა პროკურატურისთვის დუშეთის მერიას უნდა გადაეგზავნა, მაგრამ არ გადაუგზავნია. გავაგზავნე მე და აღძრულია სს საქმე, მაგრამ დღემდე სხვა წინსვლა არ გვაქვს. არ ვიცით, პროკურატურამ ვინმე დაკითხა თუ არა და კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული“, – აცხადებს სერგო ისაშვილი.