ადგილობრივი ახალგაზრდები ითხოვენ, რომ თელავის 2020 წლის ბიუჯეტში მათი 6 ინიციატივაც მოხვდეს

77

ეკატერინე ბასილაია

მიუხედავად იმისა, რომ თელავში, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტების უდიდეს ნაწილში, ბიუჯეტის შედგენისას ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის პრაქტიკა დანერგილი არ არის, თელაველი ახალგაზრდების ინიციატივაა, მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის შედგენისას მათი იდეებიც გაითვალისწინოს.

„სამოქალაქო მოძრობის“ ადგილობრივმა ახალგაზრდა აქტივისტებმა სამშაბათს თელავის საკრებულოს ის 6 იდეა წარუდგინეს, რომლის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებასაც ითხოვენ.

როგორც droa.ge-სთან „სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილი ამბობს, ახალგაზრდა აქტივისტებმა საკრებულოს წევრებს წინადადებები ჯერ ზეპირად გააცნეს,  მოისმინეს მათი შენიშვნებიც და რჩევებიც, თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს ინიციატივის შედგენისას, სანამ მერიას წინადადებებს ოფიციალურად წარუდგენენ.

„ასე ვთქვათ, ნიადაგი მოვსინჯეთ, რომელი წინადადება უფრო იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული და რომელი – არა. საბოლოო ჯამში, საქმიანი შეხვედრა გამოგვივიდა, რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, რაღაც წინადადებას ცოტა გამოვასწორებთ, ორიენტირს შევცვლით და ვნახოთ, რა გამოგვივა.  ჯერ ოფიციალურად ინიციატივაზე განცხადება არ წარგვიდგენია, ჯერ მხოლოდ ზეპირად გავაცანით,“- ამბობს მჭედლიშვილი.

რა ინიციატივები აქვთ თელაველ ახალგაზრდებს?

პირველი ინიციატივა თელავში არაფორმალური განათლების ცენტრის შექმნაა. მათი თქმით, დღეს ამგვარი ცენტრი მუნიციპალიტეტში არ არსებობს.

მეორე – სურთ, შეიქმნას ახალგაზრდული სივრცეები თელავის სოფლებში, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან და საკუთარი სოფლის განვითარებასა და სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ.

მესამე – არსებობდეს პროფესიული ტურების მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი თელაველ ახალგაზრდებს წაიყვანს ღვინის ქარხნებში, სასამართლოებში, სასწრაფო დახმარების ჯგუფთან, საპატრულო ეკიპაჟში. „ეს იმისთვის არის კარგი, რომ სკოლის მოსწავლეებმა ნახონ ყველა პროფესიის სპეციფიკა და ისე გააკეთონ არჩევანი, რას შეისწავლიან და დაეუფლებიან მომავალში“, – ამბობს მჭედლიშვილი.

მეოთხე ინიციატივაა, რომ ქალაქში არსებულ ახალ სკვერში, სადაც ხეები დარგული ჯერ არ არის, თელავში ახლად დაბადებული ბავშვების სახელზე ხეები დაირგოს.

არჩილ მჭედლიშვილის თქმით, ეს იდეა ბიუჯეტში ცვლილებას ნაკლებად იწვევს, იმიტომ, რომ ხეების დარგვა ისედაც გათვალისწინებულია. შესაბამისად, ის, ფაქტობრივად, სახელწოდების მინიჭების საკითხს ეხება.

მეხუთე ინიციატივაა, რომ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებამდე საჭიროებების კვლევა ჩატარდეს. მჭედლიშვილი ამბობს, რომ EBRD-მ (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა) თელავისთვის 10 ავტობუსი გამოყო და მათი სურვილია, ავტობუსების ჩამოსვლისთანავე შეძლონ  მოქალაქეებმა  მისით სარგებლობა. ამიტომაც ითხოვენ, რომ ბიუჯეტში გაითვალისწინონ საჭიროებების კვლევა, რომელიც დაადგენს მარშრუტებს, იმას, თუ სად მოეწყოს გაჩერებები, როგორი უნდა იყოს გადახდის სისტემა და ა.შ.

მეექვსე ინიციატივაა  – მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაში შეიტანოს წვლილი.

„მაგალითად, მუნიციპალიტეტმა დაჯილდოების ცერემონიალი მოაწყოს და წლის ბიზნესად გამოაცხადოს, დააჯილდოვოს, მაგალითად, ჯგუფი, კომპანია, რომელმაც თავის ბიზნესში დასაქმებულებს შორის 80% ახალგაზრდა დაასაქმა, რითაც წაახალისებს ახალგაზრდების დასაქმებას, ან მუნიციპალიტეტმა შეღავათები დააწესოს, წამახალისებელი ნაბიჯები გადადგას იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც თავად სურს ბიზნესის წამოწყება,“ – ამბობს მჭედლიშვილი.

მისი თქმით, თელავში მონაწილეობითი ბიუჯეტი დანერგილი არ არის, მაგრამ ახალგაზრდების სურვილია, ქალაქის ბიუჯეტის შედგენისას მათი, ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივებიც გაითვალისწინონ. მისი თქმით, იგეგმება ადვოკატირების კამპანიაც.

„საკრებულოს წევრებს ექვსივე იდეა მოეწონათ. თქვეს, რომ მზად არიან, დეტალებზე ჩვენთან ერთად იმსჯელონ. რეკომენდაცია მოგვცეს, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ წინადადება და როგორ წარვადგინოთ ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. საკრებულო დაგვპირდა, რომ მერიის დაყოლიებაში დაგვეხმარება. ადვილ საკითხებში წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია, მაგალითად, პროფესიული ტურები ერთხმად მოეწონათ, ასევე, ახალშობილთა სკვერის იდეა აიტაცეს და დეტალებამდეც მივედით, მუხა დაირგოს თუ ვაშლის ხე. ველოდებით, რომ ასევე დაგვთანხმდებიან სოფლად ახალგაზრდული სივრცეების გახსნაზეც. დანარჩენი ვნახოთ, წინასწარი პროგნოზი რთულია… ამ იდეებს დავხვეწთ და ინიციატივებად ვაქცევთ, რომელსაც შევიტანთ ნოემბრამდე, რომ ნოემბერში, როცა აქტიურ ფაზაში შევა ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების ეტაპი, შეტანილი გვქონდეს. ადვოკატირების კამპანიასაც ვაპირებთ, თუკი შევატყვეთ, რომ მერიაში ჩვენს ინიციატივებს არ ითვალისწინებენ, ან სხვანაირად აკეთებენ, ვიდრე ჩვენ გვინდა“, – აცხადებს არჩილ მჭედლიშვილი.