20-მდე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება, შესაძლოა, 2 კვირით გადაიდოს – განათლების სამინისტრო

204

საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს, მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიოტაციო სამუშაოებია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა, ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება. აღნიშნულის შესახებ მშობლების ინფორმირებას, სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განათლების სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით საბოლოო სია, რომელ სკოლებში გადაიდება სწავლის დაწყება, არ მოუმზადებიათ და ის უახლოეს პერიოდში სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება.