ამბროლაურის მერიამ რუსულ კომპანიას ჯარიმა არ გადაახდევინა

2738

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ნანუკა ბრეგაძე

რუსულმა კომპანიამ რაჭაში სამი ტენდერი მოიგო და საქართველოს ბიუჯეტიდან ანუ ჩვენი საერთო ფულიდან, ჯამში, 2.1 მილიონი ლარი მიიღო.

კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. ამბროლაურის მერიამ კი ჯერ ჯარიმის რაოდენობა შეუმცირა, შემდეგ კი შემცირებულის მხოლოდ 15 პროცენტი გადაახდევინა.

შპს “ინვესტსტროიმ” წარმომადგენლობა საქართველოში 2014 წელს დააფუძნა და ტენდერებში მონაწილეობასაც შეუდგა. კომპანიამ გზები დააგო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხლში და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კვაშხიეთი-შქმერსა და ბარი-მრავალძალში. სამივე შემთხვევაში სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული და კომპანიამ საგარანტიო პერიოდში დაზიანებები არ შეაკეთა.

სოფელი მუხლი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

როსტომ კაციტაძე 62 წლისაა. 30 წელია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლში ცხოვრობს. მისი თქმით, სოფელში შესასვლელი გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი, რომელიც სამი წლის წინ ამ კომპანიამ გააკეთა, იმავე წელს დაზიანდა და ჯერაც შეუკეთებელია.

გზა სოფელ მუხლში

“აქ დიდი მანქანები კარიერიდან თაბაშირს ზიდავენ, ეტყობა სუსტია გზა, თავიდანვე კარგი ბალიში ვერ გაუკეთეს და ჩაწყდა,” გვიხსნის მუხლში მცხოვრები როსტომ კაციტაძე.

იმავეს ადასტურებს მისი თანასოფლელი, პაპუნა კაციტაძე და ამბობს, რომ სამუშაოების დროს ადგილობრივი მოსახლეობა არაერთხელ ეცადა პროექტი ენახათ, თუმცა, უშედეგოდ.

“ეს გზა ცუდად არის გაკეთებული. ზამთარში, მოსახვევებში ცურდება. თან, ასეთი წესია, ცენტრალურ გზას პატარა გზა რომ უერთდება, 5 მეტრი შემოჰყავთ, თქვეს გაგიკეთებთო და ისე დაგვტოვეს,“ – ამბობს პაპუნა კაციტაძე.

შალვა კერესელიძე, რომელიც 2015 წლიდან სოფელ წესსა და მუხლში მერის წარმომადგენელია, “აიფაქტთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიამ “არასახარბიელოდ” იმუშავა და ახლა გზა ორივე მხარეს ჩავარდნილია.

“ძალიან მალე უნდა შევაკეთოთ, დაზიანება დასაწყისშივეა და ძალიან ცუდად არის. ყოველდღე მიწევს იქ სიარული,” – ამბობს კერესელიძე.

ისიც ადასტურებს, რომ გზის ერთი მხარე დაგებიდან მალევე დაზიანდა. ამბობს, რომ დაზიანების შესახებ ამბროლაურის გამგეობა მაშინვე საქმის კურსში ჩააყენა. თუმცა, ფაქტია, რომ გზა არ შეკეთებულა.

ამბროლაურის გამგეობამ მუხლში გზის შესაკეთებლად “ინვესტსტროი რეგიონსის წარმომადგენლობას” ხელშეკრულება 2016 წლის მაისში გაუფორმა. პროექტში 444 ათას ლარამდე გადაუხადეს. სამუშაოები იმავე წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა, 8 თვის დაგვიანებით, 2017 წლის მაისში დასრულდა.

საბოლოო ვადის გადაცილებისთვის კომპანია 63 843 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, მანამდე ჯარიმის პროცენტი შეუმცირეს. თუ თავდაპირველად, ხელშეკრულებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სრული ღირებულების 0,5 პროცენტი უნდა გადაეხადათ, ცვლილების შემდეგ ეს ციფრი დარჩენილი სამუშოს ღირებულების 0,2 პროცენტამდე შემცირდა. საბოლოოდ, კომპანიამ შემცირებული ჯარიმიდან მხოლოდ 9,409 ლარი გადაიხადა.

54 435 ლარი რომ გადასახდელი აქვთ, ამბროლაურის მერიამ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ორი თვის წინ მათთან სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა.

მერიის იურისტი თამუნა ქევანაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის შესახებ ინფორმაცია მაშინ გამორჩათ, როდესაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია დაიწყო და გამგეობა მერაის შეუერთდა.

“მუნიციპალიტეტი რომ გაერთიანდა, რატომღაც ვერ აღმოჩნდა ეს თანხა ვალდებულების დოკუმენტში და სასამართლო დავა ახალ მუნიციპალიტეტს არ დაუწყია. დოკუმენტები არის შეკერილი, არქივები კი ჩავიბარეთ, მაგრამ სათითაოდ გავლა, სად რა იყო, არ მომხდარა. ახლა, ამოვიღებთ ამ არქივს, ვნახავთ ხელშეკრულებას და უახლოეს დღეებში დავიწყებთ სასამართლო დავას,“ – გვეუბნება ქევანიშვილი.

კომპანიამ გამგებლის სახელზე დაწერა წერილი, რომლითაც საჯარიმო პირობების შეცვლას ითხოვდა. ამბროლაურის რაიონის მაშინდელი გამგებლის, მალხაზ ლომთაძის თქმით, თვითონ ცვლილების წინააღმდეგი იყო, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებას ვერ გადააბიჯებდა.

“სატენდერო კომისიამ განიხილა ეგ საკითხი და უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება. ერთადერთი პიროვნება, ვინც წინააღმდეგი წავიდა, ვიყავი მე, კომისიის თავმჯდომარე. მაგრამ ეს იყო კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ ძალინ მკაცრი იყო ეს პირობები,” – ამბობს ლომთაძე “აიფაქტთან” საუბრისას.

ამბროლაურის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ალეკო ქურციკიძის ინფორმაციით, მუხლში დაგებული გზა 7 ადგილზეა დაზიანებული. ამბობს, რომ საგარანტიო ვადა გასული არ არის, ამიტომ დაზიანებების შესაკეთებლად კომპანიას რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართეს.

“დაახლოებით, 10 დღეა, კომპანიის “შავ სიაში” შესაყვანად მუშაობა დავიწყეთ. ახლა ვიწყებთ ზარალის დათვლას და სასამართლო წესით იმ თანხის ამოღებას. პარალელურად, დავიწყებთ თანხის მოძიებას და გზის მშენებლობის დასრულებას,” – გვეუბნება ქურციკიძე.

23 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანია გაფრთხილებულთა სიაში შეიტანა და არა შავ სიაში, როგორც ამბროლაურის მერიაში ფიქრობდნენ.

ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტში ბარი-მრავალძალისა და კვაშხიეთი-შქმერის 2.5 კილომეტრიანი გზების შეკეთება, ჯამში, 1.5 მილიონი ლარი დაჯდა. ამბროლაურის მსგავსად, სამუშაოები აქაც 6-7 თვით გვიან ჩააბარეს. დაგვიანებისთვის აქ 213 ათას ლარამდე ჯარიმა გადაიხადეს.

გზა სოფელ კვაშხიეთში

ამ სოფლებში დაგებული გზებიც მოასფალტებიდან მალევე დაზიანდა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ გრძელიშვილის თქმით, კომპანიამ ორივე გზა შეაკეთა, თუმცა, მალევე მეორედაც დაზიანდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომპანიას რეაგირება აღარ ჰქონია. არადა, საგარანტიო ვადა კვაშხიეთი-შქმერის გზაზე ივნისში ამოიწურა, ხოლო ბარი-მრავალძალის გზაზე მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდეა ძალაში.

“ჩვენ დატოვებული გვაქვს საგარანტიო თანხები, ეს არის საერთო ღირებულების 2.5 პროცენტი და თუ თავისი ხარჯით არ შეასრულებს ამ სამუშაოებს, მაშინ დავუკავებთ ამ თანხას,“ – ამბობს გრძელიშვილი.

ტენდერების საგარანტიო თანხა, სულ, 44 ათასი ლარია. მერიაში ჯერ არ იციან, რამდენი ლარი დასჭირდება ამ გზების შეკეთებას. იმედი აქვთ, რომ საგარანტიო თანხა ეყოფათ.

შპს “ინვესტსტროისთან” დაკავშირება ჩვენც ვცადეთ. მათი იმჟამინდელი დირექტორის, გიორგი შარაშიძის ტელეფონის ნომერი ახლა სხვას ეკუთვნის. საჯარო რეესტრში მითითებულ მისამართზე კი კომპანიის ოფისი არ ფუნქციონირებს.

სტატია ქვეყნდება “ღია საზოგადოების” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.