წელს მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება

104

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით, სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციისათვის 1 600 000 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წელს მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, რვა კოშკი და ორი არქიტექტურული კომპლექსი აღდგება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვლება და განახლდება.

სარეაბილიტაციო სვანური კოშკებისა და მაჩუბების ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები სვანურ სოფლებში ივლისდან დაიწყება და მიმდინარე წელსვე დასრულდება.

ოთხი წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80-მდე სვანური ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა.

არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150–მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

მიმდინარე წელს გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც სააგენტო ფონდ “ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.