ზუგდიდის საკრებულომ ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება სცნო

975

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულომ დაპირისპირების და პროტესტის ფონზე ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნო. საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ოპოზიციის თქმით, 19 მაისის არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ამიტომაც გიორგი შენგელიას ვერ მიულოცავენ ამ თანამდებობას. ფრაქცია “ნაცინალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანა წითლიძემ არჩევნების პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო “ძალადობრივი”. მიუხედავად ამისა, უსურვა, ისე არ დაასრულოს საკუთარი მმართველობა, როგორც მისმა წინამორბედმა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული მერი, და ნაცმოძრაობისგან განსხვავებით, ხალხს აქვს განცდა, რომ ის იქნება კარგი მერი და ზუგდიდს ბევრ სიკეთეს მოუტანს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციას თქმით, ტომრის ჩამოცმა, რითაც დღეს ახალგაზრდები მერის უფლებამოსილების ცნობას აპროტესტებენ, თავის დროზე მწარედ ახსოვს ზუგდიდს, როცა მოქალაქეები წინა ხელისუფლების პირობებში გაჰყავდათ და მათზე ძალადობდნენ. მანვე მოუწოდა შეკრებილთა მშობლებს, შვილებს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან “ნაციონალური მოძრაობის” მავნებლობისგან.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო.