თელავის 6 სოფელში ამბულატორიების რეაბილიტაცია იგეგმება

679

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აკურაში, თეთრიწყლებში, კისისხევში, ფშაველში, ნაფარეულსა და ლაფანყურში ამბულატორიის შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება, თელავის საკრებულომ უკვე მოიწონა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 156 000 ლარი დაიხარჯება.

“საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განასხაორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც სოფლებში ამბულატორიის შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.