“თვითმმართველობის კოდექსთან” ერთად, ცვლილებები დამატებით 20 კანონში შევა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 20 კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ახაბერ გულედანმა მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის წარადგინა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან მოდის შესაბამისობაში და, ამავდროულად, ხდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის გაზრდამ ვერ გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი და ადმინისტრაციული ხარჯები გააორმაგა. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ძველ ნიშნულთან დაბრუნება აღნიშნულ პრობლემას მოხსნის. ხოლო დეცენტრალიზაციის განხორციელებისთვის სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კანონპროექტში, აგრეთვე, განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.
მესამე ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების წესში ვადამ 2014 წლის 1 ივლისიდან, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწია.

კომიტეტის სხდომაზე პროექტი მუხლობრივად განიხილეს. პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა პროექტთან დაკავშირებით დეპარტამენტის რამდენიმე ტერმინოლოგიური და ვადებთან დაკავშირებული შენიშვნა წარმოადგინა, რომელიც პროექტის ინიციატორებმა გაიზიარეს. შენიშვნები პროექტის მესამე მოსმენისთვის წარსადგენ ვერსიაში აისახება.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.

იხილეთ კანონპროექტი და დანდართული დოკუმენტაცია:

ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი

განმარტებითი ბარათი

იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება

იურიდიული სამსახურის დასკვნა

საბიუჯეტო ოფისის დასკვნა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება

ბიუროს გადაწყვეტილება

მთავრობის განკარგულება

მთავრობის წარდგინება

ამონაწერი მთავრობის სხდომის ოქმიდან

მსგავსი სიახლეები