მგფ-მა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები საპროექტო და სამშენებლო სექტორს გააცნო

154

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ  ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში ჩვიბიანსა და ჟიბიანში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, ღია კარის დღე გამართა.

სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი შენგელიამ მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის და სოფელ ველისციხის თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ქუთაისში 19 საუკუნის ისტორიული სახლებისა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის, სტეფანწმინდაში ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიული სახლების და თელავში ისტორიულ შვიდ ბორცვს შორის დამაკავშირებელი მთავარი ქუჩის ტურისტული მარშრუტის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და „ბატონის ციხის“ დასავლეთ ნაწილში მდებარე მოედნის, ლაღამის უბანში არსებული შენობების, უშგულის თემში სოფელ ჩვიბიანსა და სოფელ ჟიბიანში არსებული სვანური კოშკების და ჩაჟაშის 3 სვანური კოშკის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია.

პირველ ეტაპზე, დაგეგმილია საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.