ზუგდუდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარაციისთვის ურნები განათავსეს

1198

წინა სტატია

ზუგდუდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარაციისთვის რამდენიმე ურნა უკვე განათავსეს. სულ ქალაქსა და სოფლებში 25 ასეთი ყუთის განთავსება იგეგმება. როგორც ცნობილია, 15 ურნას ქალაქ ზუგდიდში ათს კი მუნიციპალიტეტის სოფლებში განათავსებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სეპარაციისთვის განკუთვნილ ურნებს დატანილი აქვს შესაბამისი საინფორმაციო სტიკერები, რომლებზეც მითითებულია, თუ რომელ განყოფილებაში უნდა მოათავსოს მოქალაქემ ლითონის, პლასტმასის/შუშისა და ქაღალდის ნარჩენი.

ამასთან, როგორც “ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში მთავრობის დადგენილებით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილ 240 ურნას გადასცემენ, რომელთაგან 100 ქალაქში, 100 სოფლებში, დანარცენი 40 კი განმუხურსა და ანაკლიაში განთავსდება. ასევე, მალაშხიას თქმით, ზუგდიდი ერთ 15 კუბური მეტრის მოცულობის ნაგავმზიდს მიიღებს.

“ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა არსებობს. ამ გეგმით, მთლიანი ნარჩენების, დაახლოებით, 30% პლასტმასის, მუყაოს ქაღალდის და ლითონის ნაკეთობებისა უნდა შეგროვდეს და გამოცალკევდეს. მეორად გადამუშავებაზე უნდა წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნაგავი წავიდეს ნაგავსაყრელზე. საქართველოში 21 კომპანიია, რომელიც აგროვებს ამ ნარჩენებს და გააქვს“, – ამბობს ნუგზარ მალაშხია.

მისივე თქმით, უახლოეს ორ წელიწადში ნარჩენების ჩამბარებელი ნაგავსაყრელები ნაგავს უფასოდ არ მიიღებენ, ამიტომ მომავალში მათი ინტერესიც იქნება, რომ ნაკლები ნაგავი გაიტანონ ნაგავსაყრელზე.

“ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორის თქმით, მათი ამოცანაა, მოსახლეობას მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია სიახლის შესახებ, რომ საქმე გვაქვს ნარჩენებთან, რომელიც მეორადი გადამუშავებისთვის გამოიყენება.

“ვინც ამას ჩაიბარებს, რაღაცას მოსახლეობასაც გადაუხდიან. თუ ვინმე გამოიჩენს ინიციატივას. ნარჩენების გატანაზე მერია თურქულ კომპანიასთან ითანამშრომლებს“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები უკვე განთავსებულია თბილისში.