ახალციხის ქუჩებში “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის

1190

საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვე გავიდა, თუმცა ახალციხის ქუჩებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები ისევ გაკრულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დიდმამიშვილის, შალვა ახალციხელის, ვაჟა ფშაველას, კლდიაშვილის, ივერიელის, რუსთველისა და 9 აპრილის ქუჩები “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კადნიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისგან ამ დრომდე არ გაუსუფთავებიათ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ბალიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, შტაბის წევრები ქალაქს პერიოდულად ასუფთავებენ.

“ჩვენ ვხსნით ყოველდღე, ჩვენი კაცი მუშაობს, სადაც შეხვდება იღებს. მემგონი ჩანს, რომ ქალქში ადგილ-ადგილ მოხსნილია“, – ამბობს ბალიაშვილი.

იგივეს აცხადებს, „”ქართიული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე. მისი თქმით, სააგიტაციო მასალისაგან ქალაქის გასუფთავება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საქართველოს სარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მერვე ნაწილის თანახმად “შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა “წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკიდრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ნომებრის არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ოფიციალურად ძალაში 2018 წლის 14 დეკემბერს შევიდა. მას შემდეგ 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალა ქალაქში მხოლოდ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

“საარჩევნო კოდექსი სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ზუსტად სანქციას არ ითვალისიწნებს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ვიხელმძღვანელოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას 50 ლარს ითვალისწინებს. ამ მუხლით სახელმწიფოს მათთვის სანქციების დაკისრება შეუძლია“, – ამბობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის რატი თინიკაშვილი.

ახალციხის მერიას ამ დრომდე სამართალდარღვევის ოქმი არც “ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არც “ქართული ოცნებისთვის“ არ შეუდგენია. მერია პლაკატებისგან ქუჩების გასუფთავებას თავად, დასუფთავების აქციის ფარგლებში აპირებს.

“მომავალ კვირაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია გაიმართება და ამ აქციის ფარგლებში ქუჩებს სააგიტაციო მასალებისგანაც გავწმენდთ“, – აცხადებენ მერიაში.