ლაგოდეხის 2019 წლის ბიუჯეტი 11 610 000 ლარით განისაზღვრა

1335

ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 11 610 000 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 მილიონით მეტია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს, რომ განათლების, სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით პროგრამების დაფინანსება გაიზარდა.

“ბიუჯეტის ზრდა განაპირობა მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესის შეცვლამ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დღგ-ს 19% ნაწილდება მუნიციპალიტეტზე და შესაბამისად ჩვენი ტრანსფერიც გაიზარდა. ასევე ეს განაპირობა საგადასახადო შემოსავლების ზრდამაც. წლევანდელი ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია განათლება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.

ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით წელს საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს. 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 800 000 ლარის ღირებულების 10 პროექტი განვახორციელეთ, წელს კი 23 პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელზეც 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეების ხელფასებზე 1 640 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე გაიზარდა სკოლების და საბავშვო ბაღების, სოციალური პროგრამების, ახალგაზრდული და კულტურული მიმართულებით პროგრამების დაფინანსება. წელს ბიუჯეტიდან მოხდა ხელფასების ზრდა და კვების რაციონის გაუმჯობესება. 700 000 ლარია გათვალისწინებული ბაღებში კვებაზე. მთლიანად კი ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებზე სულ 2 100 000 ლარი დაიხარჯება.

წელს სოციალურ პროგრამები უფრო მრავალფეროვანია და მეტ ბენეფიციარს დავეხმარებით, რადგან პროგრამას დაემატა რამდენიმე ახალი კომპონენტი. 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯება წელს ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირების და ინფრასტრუქტურული საკითხების კუთხითაც გაიზარდა დაფინანსება. ინფრასტრუქტურის კუთხით 720 000 ლარია გამოყოფილი. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის დაიხარჯება მთელი წლის განმავლობაში’’,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.