ადვოკატი: ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს

1551

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სირცხვილია “ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგიას თანაგუნდელები, დღეს რომ ხმას არ იღებენ. მათაც ეშინიათ, რომ გვერდში არ მიუსვან გოგიას. ქვეყანაში დიქტატურა და ადეიშვილის პროკურატურა, კუბლაშვილის სასამართლო მყარდება, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, რაზეც აუცილებლად ისაუბრებს. თუმცა, რის თქმას აპირებს ზუგდიდის ყოფილი მერი, ადვოკატი არ აკონკრეტებს. ადვოკატის თქმით, გოგიას ქრთამი არ აუღია და ის “ქართული ოცნების“ წევრისა და მაჟორიტარ-დეპუტატ ედიშერ თოლორაიას მსხვერპლია, რომელსაც ადვოკატის განმარტებით, ხელისუფლებაში ძლიერი დასაყრდენი ჰყავს.

“ლაშა გოგია საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მატარებელი პიროვნებაა, რადგან ეს ადამიანი ზუგდიდის მერობის გარდა, სახელმწიფო სამსახურში უამრავ პოზიციაზე მუშაობდა. ის ბევრი რამის თქმას აპირებს, ისაუბრებს ყველაფრის შესახებ, რადგან გოგია ქვეყანას უმწიკვლოდ ემსახურებოდა.

ეს კაცი არის გაწირული იმის გამო, რომ ვიღაც გაზულუქებული ჩინოვნიკი შეკრულია ბიზნესმენებთან და ერთობლივად რაღაც საქმიანობებს ახორციელებდა, ზუგდიდის მიწებთან დაკავშირებით. ლაშა გოგია მსხვერპლი არის საქართველოს პარლამენტის, “ქართული ოცნების“ წევრისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას. თოლორაია დგას ბიზნესმენ ზურა კვირკვიას უკან, რომელმაც ამ საქმეში პროვოკაცია მოახდინა. მისი ჩვენების საფუძველზე არიან დაპატიმრებული, როგორც ზუგდიდის მერი, ასევე დანარჩენი პირები. კვირკვია რკინიგზის სადგურისა და ავტოვაგზლის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების იჯარის წესით გადაცემას ითხოვდა, რაზეც მან თანხმობა ვერ მიიღო.

თოლორაიას, შესაძლოა, მიწის გარდა სხვა ინტერესიც ჰქონდა, მაგალითად, ლაშა გოგია მერობის თანამდებობიდან მოეხნა და შემდეგ გზა გახსნოდა ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ლაშა გოგია მხოლოდ ერთი პირის, ერთი ბიზნესმენის ჩვენების საფუძველზეა დაკავებული.

“ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი კაცის ჩვენებით, ეჟოვის და იაგოდას დროს არ იჭერდნენ ხალხს. არც ფულის გადაცემაა, არც ოპერატიული მასალაა. ჩანაწერშიც, საუბარია, რომ ფული ვიცემერმა აიღო, გოგია ეუბნება, თუ ვინმემ აიღო ფული, მოსთხოვეო. კვირკვიამ პირველი ჩვენებისას თქვა, რომ ფულის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რამდენიმე დღეში ჩვენება შეცვალა. რომელ ჩვენებას დავუჯერო? ამ ადამიანს ორი პასპორტი აქვს, საქრთველოში კვირკვიაა, რუსეთში ოგნევი, დაკითხვის ოქმში მითითებული მისი საიდენტიფიკაციო ნომერი არ არსებობს, შსს-მ ასეთი პიროვნება არ იძებნებაო. ჩანაწერი ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა, “რუსთავი2-ზე” გავიდა, ვიღაცას ამის დანაშაული რომ დაენახა, ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავდენ? თოლორაია დანაშაულის შეუტყობინებლობაზე უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, გამოძიება შერჩევით მართლმსაჯულებას ახორციელებს“, – აცხადებს მჟავანაზე.

ადვოკატი საუბრობს, რომ ედიშერ თოლორაიას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს.

“როგორც ჩანს, თოლორაიას პატრონები ჰყავს მაღლა, ამ ხელისუფლებაში და როგორც ჩანს, მის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს. იმ ადამიანთან მივიდა და იმ ადამიანს მოახსენა ეს ყველაფერი, ვინც ქვეყანაში ბევრ რამეს წყვეტს. რამდენადაა ამაში ბიძინა ივანიშვილი ჩართული, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ადამიანი იმის გამოა დაკავებული, რაც არ ჩაუდენია. ქობალიაც და ბაღათურიაც მძევლებად ჰყავთ აყვანილი, რომ გატყდნენ და ჩვენებები გოგიას წინააღმდეგ მიაცემინონ“, – განაცხადა მჟავანაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 თებერვალს ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.