მივწერთ წერილს, მაგრამ ან არ გვპასუხობენ, ან უარყოფითი პასუხები გვიბრუნდება – შუახევის მერი სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გამიჯვნას ითხოვს

40

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ჩვენზე უკეთ არ იციან, სად რა გვჭირდება, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ რაიმე ფორმით
ჩავერთოთ ამ პროცესებში. კარგი იქნება, საკონონმდებლო საკითხები დარეგულირდეს და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ”, – ამის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტებს აწუხებთ, სახელმწიფოსა და თვითმმართველობებს შორის გაუმიჯნავი ქონებაა. ფუტკარაძე ამბობს, რომ, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს რაიმე ქონების გადაცემის მოთხოვნით მიმართავენ, უწყება ან უარს ეუბნება, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებს.

“ქონება მხოლოდ მიწა ხომ არ არის? მაგალითად, ფართია ამ მიწაზე, რომლსაც გამოვიყენებთ. გვყავს მოსახლეობა, რომლებიც ამორტიზირებულ შენობებში ცხოვრობენ და საფრთხის თავიდან
ასაცილებლად, გადავიყვანდით ამ ადამიანებს. ამ კუთხით ბიუროკრატიაა. მივწერთ წერილს ეკონომიკის სამინისტროს, ან არ გვპასუხობენ, ან უარყოფითი პასუხები გვიბრუნდება”, – აცხადებს ფუტკარაძე.

შუახევის მერი აცხადებს, რომ სტრატეგია, რომელიც დაიწერება, უნდა განხორციელდეს კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება არ შეიცვლება. “ეს სტრატეგია კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს არ გვიშველის, თუ ქმედითი
ნაბიჯები არ გადაიდგა”, – ამბობს ის.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.