წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ფოტო)

164

წინა სტატია

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები შადრევნების სრულ აღდგენას და შადრევნებზე დამატებითი სისტემების მონტაჟს ითვალისწინებს.

“ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს, პროექტის ღირებულება 1 679 894 ლარია. შადრევნების რეაბილიტაცია მათ სრულად აღდგენას, ასევე, დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს მოიცავს” – განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

როგორც მერიაში აცხადებენ, არსებული შადრევნის ადგილას ე.წ. “მშრალი ინტერაქტიული შადრევნი“ მოეწყობა.

“ყველაზე დიდ, მრგვალ აუზზე საფეხმავლო ბაქანი მოეწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება შადრევნის შიგნით სიარული და პირდაპირი კონტაქტის დამყარება წყლის მოცეკვავე ნაკადთან. წყლის ჭავლის სიმაღლე 2-3 მეტრი იქნება და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნანს პროგრამირებადი მართვის სისტემით გააკონტროლებენ და გაშუქების დროს იმუშავებს გახმოვანებაც. ასევე, ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს”, – განმარტავენ მერიაში.

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას სრული რეაბილიტაცია ამ დრომდე არ ჩატარებია. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში, ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ტურისტებისთვის, კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოეწყობა,. ასევე პარკში აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოც.

შადრევნის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.