ქუთაისის მერია: ბალახვანის კიბეების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში თანხა არ გვაქვს

1111
ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის ძველი ესკიზი

წინა სტატია

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, ას საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში თანხა მხოლოდ გაპონოვის ქუჩის ფასადების რეაბილიტაციისთვის ჩაიდო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

რაც შეეხება ბალახვანის ას საფეხურიან კიბეებს, როგორც ირკვევა, მერიას კიბეების მიმდებარე ტერიტორიის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის საკითხი ჯერაც არ მოუგვარებია, რის გარეშეც მისი რეაბილიტაცია ვერ დაიწყება.

“ტურისტულ ინფარსტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თანხა გვაქვს მხოლოდ გაპონოვის ქუჩის ფასადების რეაბილიტაციისთვის. ას საფეხურიან კიბეებზე არ გვაქვს გათვალისწინებული. აღნიშნულ პროექტს აფერხებს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება. როგორც იცით მიწის გარკვეული ტერიტორია გადმოსაცემია ქუთაისის მერიის საკუთრებაში. თუ წლის განმავლობაში გაჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ დავიწყოთ კიბეების რეაბილიტაცია, იმასაც მოვახერხებთ, რომ აღნიშნულთან დაკაშირებით მოვახდინთ თანხის მობილიზაცია”,–ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ქუთაისის მერიამ ბალახავნის კიბეების რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაანონსა. მერიის ინფორმაციით, კიბეები უნდა აღედგინათ, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრი გაეკეთებინათ. ასევე, დაგეგმილი იყო თეთრი კოლონადების მოწყობა.

მერიამ მაშინ პროექტის ესკიზიც გაასაჯაროა და აცხადებდა, რომ ტენდერი მალე გამოცხადდებოდა, სამუშაოები კი ტენდერის ჩატარებიდან წელიწადნახევარში უნდა დასრულებულიყო.

ერთი წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციასაც მერია გეგმავდა, ჯერ ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ქალაქის ბიუჯეტში კი პროექტისთვის თანხაც არ არის გათვალისწინებული.