ადიგენის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ბუნებრივ აირი, შესაძლოა, სამ სკოლაში შეიყვანონ

157

მომავალი წლიდან დაბა ადიგენის, აბასთუმნისა და უდეს საჯარო სკოლებში გაზის შეყვანა იგეგმება. ამჟამად კი მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან ბუნებრივი აირით მხოლოდ ერთი, არალის სკოლა თბება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადიგენში 17 სკოლა შეშის ღუმელით, ხუთი შეშის ცენტრალური გათბობით, ერთი გაზით, ორი კი ელექტროგამათბობლებით თბება.

ადიგენის რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილის თქმით, დაბის 22–ვე სკოლა, რომელიც შეშაზეა დამოკიდებული, მერქნის შესაბამისი რაოდენობით უკვე მომარაგებულია: “გაზი მხოლოდ არალის სკოლაშია, რადგან ის წელს გაიხნა და გარემონტდა. ორ სოფელში ხევაშენსა და დერცელში ელექტროგამათბობლები აქვთ“.

მისი თქმით, მომავალი ზამთრისთვის ზანავისა და კახარეთის სკოლებში შეშის ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება, რისთვისაც სისტემის გაყვანა უკვე მიმდინარეობს. ასევე, მომავალი წლიდან, შესაძლოა, გაზით გათბობაზე კურორტ აბასთუმნის, ადიგენისა და უდეს მეორე საჯარო სკოლებიც გადავიდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 57 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ სამი მათგანია გაზიფიცირებული, ადიგენის მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის სამი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მიმდინარეობს.