კალაძე თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

665

წინა სტატია

“მკვეთრად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება და დღეს ისინი აქტიურად იზიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობასაც და ქალაქის საკეთილდღეოდ ზრუნავენ”. – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კალაძემ მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი სწორედ დეცენტრალიზაციის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა. ამაზე ცხადად მეტყველებს უკვე ჩვენ მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. მათ შორის, აღსანიშნავია 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ხელისუფლებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და მეტი ფინანსური რესურსი მიენიჭათ. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მერს პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერის გადალახვით ირჩევენ, ეს კიდევ უფრო ზრდის არჩეული პირის ლეგიტიმაციას და ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას. თუმცა, ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ იქ მცხოვრები ადამიანები და ქალაქის ცხოვრებაში მათი ჩართულობა განაპირობებს.

მე, როგორც დედაქალქის მერმა, მინდა აღვნიშნო, რომ თბილისელები ყველაზე კარგად გრძნობენ დედაქალაქის გულისცემას, სწორედ ისინი განსაზღვრავენ თუ რა საჭიროებები და პრიორიტეტები დგას ქალაქის, მათი რაიონის, უბნისა და სამეზობლოს წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მკვეთრად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება და დღეს ისინი აქტიურად იზიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობასაც. შესაბამისად, ქალაქის საკეთილდღეოდ ზრუნავენ. მე მივესალმები მოსახლეობის ჩართულობას იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რასაც ვაკეთებთ და დაგეგმილი გვაქვს. ამ ყველაფრის პასუხად მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ შემხვედრ ნაბიჯებს ვდგავთ. ამას უკვე განხორციელებული და დაგეგმილი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ადასტურებს. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და თბილისზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

ჩემი მერობის პირველივე დღიდან, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი მართვის პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას. ჩვენ განვახორციელეთ ძალიან საინტერესო პოექტი – “შენი იდეა ქალაქის მერს“, შევქმენით შესაბამისი პლატფორმა, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვები, პროექტები, რომელთა განხორციელება საინტერესო იქნება ქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას მოსახლეობა ნათლად ხედავს. ბუნებრივია, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ ძალიან ბევრი პრობლემაა, არის გამოწვევები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამ პრობლემებს დავძლევთ და გადავლახავთ არსებულ რთულ ბარიერებს. მწამს, რომ ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოს საწინდარია“, – განაცხადა კალაძემ.

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.

ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.