მეშველიანი: ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ნაჩქარევადაა შედგენილი

379

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს  საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” მერაბ მეშველიანი ნაჩქარევად შედგენილს უწოდებს. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან უნდა დაუბრუნდეს და მოხდეს მისი რეალური განხილვა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“აშკარად ჩანს, რომ ბიუჯეტის პროექტი ნაჩქარევადაა შედგენილი და წარმოდგენილია იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ვადებთან დაკავშირებით საბიუჯეტო კანონის დარღვევა. წარმოდგენილ პროექტში რიგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები საჭიროებენ შესწავლას და დამატებით არგუმენტების წარმოდგენას მათი დაფინანსების საჭიროების შესახებ, ასევე საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით შედგენილი პროექტების მიმართ გვაქვს შეკითხვები. კითხვებია მერიის ა(ა)იპ-ებსა და შპს- ებში თანამშრომელთა რიცხოვნობის და მათი ფუნქცია-მოვალეობის შესახებ. მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი უნდა დაუბრუნდეს მერიას და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება მეტად უნდა მოხდეს”, – აცხადებს მერაბ მეშველიანი.

მისი თქმით, პროექტის მიმართ, შეკითხვები სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ. მეშველიანი ასევე განმარტავს, რომ საჭიროა მერიამ მეტი აქტიურობით მოხდინოს პროექტის საჯარო განხილვები.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციაც აკრიტიკებს.