ზუგდიდის ყოფილი მერი სააპელაციო სასამართლოს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას სთხოვს

წინა სტატია

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთის ღონისძიებაზე პატიმრობის შესახებ გაასაჩივრა. მათი მოთხოვნაა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმება, რომ არ იქნას შეფარდებული არცერთი სახის აღმკვეთის ღონისძიება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის მერაბ მამულაძის თქმით, დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სასამართლოს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებასაც სთხოვს.

“ჩვენ ჩავიბარეთ სასამართლოს განჩინება. მიგვაჩნია, რომ განჩინებით არ არის დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. მისი დაკავების მიზეზად მითითებულია, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხზე. თუმცა ეს საფრთხეები მოსამართლემ განჩინებაში ვერ დაასაბუთა. მსგავსი საფრთხე არ არსებობს. როცა დაიბარეს, გამოცხადდა ეს ადამიანი საგამოძიებო უწყებებში. ეს ადამიანი უცხოეთში იყო და ჩამოვიდა ამ ამბების შემდეგ. მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ საქმის ძირითადი მოწმეები უკვე დაკითხული არიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალს არ აღიარებს გოგიასთან ერთად დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცემერი გია გულორდავაც, რომელიც ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი ამ დროისთვის გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეუფარდა.

ამასთან, საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500  განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.

მსგავსი სიახლეები