მერაბ ქვარაია: ზუგდიდისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებით ტრაგიკული არაფერი ხდება

711

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, რომელიც 2014 წელს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, დღეს აცხადებს, რომ ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევით აპოკალიპსური არაფერი მოხდება. ამის შესახებ მან facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

ქვარაიას თქმით, ზუგდიდს, როგორც ქალაქს, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის ამჯერად ზუგდიდის, როგორც თვითმმართველი ქალაქის საჭიროებაზე აღარ საუბრობს.

“მინდა გამოვეხმაურო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ შორის ჩემს მაჟორიტარულ ოლქში ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს. პროცესი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები ნამდვილად არსებითი ხასიათისაა.  2014 წელს მე ვიყავი თვითმმართველობის გაძლიერების, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების, რეფორმების გატარების და მათ შორის ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ამიტომაც ჩემთვის გასაგებია კითხვები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მხარს უჭერდა და უჭერენ არსებული მოცემულობის შენარჩუნებას. მაგრამ, სრულიად გაუგებარი იმ ადამიანების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ მიმდინარე პროცესები ტრაგედიად და ლამის აპოკალიფსად შეაფასონ. რაიმე მსგავსი არ ხდება და არც მოხდება. ტერმინები “ქალაქის სტატუსის გაუქმება”, “ქალაქ ზუგდიდის გაუქმება” და სხვა, რაც ხშირად ისმის ამ დღეებში ამ ადამიანების მხრიდან სრული აბსურდია და არანაირი სერიოზულობის მატარებელი არ არის – ზუგდიდი არის, დარჩება და იქნება ქალაქი!” – წერს ქვარაია.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ სხვა ცვლილებებზეც საუბრობს, რაც თვითმმართველობის კოდექსში უნდა შევიდეს: “განიხილება საკრებულოს როლის და ფუნქციის ზრდა და ხელისუფლების ბალანსის მართლზომიერი განაწილება აღმასრულებელ და წარმომადგენლობით სტრუქტურებს შორის, რაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი აკეთებდა აქცენტს დიდი ხნის განმავლობაში. მიმდინარეობს მსჯელობა მთავრობის ცნების შემოღებასთან და ზოგადად ადგილობრივი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კოლეგიური და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ადგილობრივ ხელისუფლებაში. საუბარია ტრანსფერის ფორმულის ცვლილებაზე, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტის მოცულობის შენარჩუნებას”.

მერაბ ქვარაია 2014 წელს იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა და ამ მიზნით, ქალაქში ხელმოწერების შეგროვების პროცესს ხელმძღვანელობდა. ქვარაია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭება მისი და მისი თანამოაზრეების აქტიურობის შედეგად მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში ზუგდიდისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმების საკითხი დადგა, ქვარაიამ კომენტარი მხოლოდ ერთხელ გააკეთა და განაცხადა, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველობასა და რეგიონულ პოლიტიკას დააზიანებს, მიღებული არ იქნება.

ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებისა და მისი ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტთან შერწყმის შესახებ ქალაქის საკრებულომ გადაწყვეტილება 22 მაისს, მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების პროტესტის მიუხედავად, მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ სხდომა ისე დაასრულა, რომ საკითხი კენჭისყრაზე, ფაქტობრივად, არ დააყენა, ასევე, არ მისცა დაინტერესებულ პირებს საშუალება, დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ შენიშვნები.

 

იხილეთ არქივი:

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

საინიციატივო ჯგუფი: ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი უნდა გახდეს

ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვენ

ზუგდიდში, ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

ზუგდიდის არტ-გალერეაში გამოფენა – “გარინდული წამი” მოეწყო